„ამერიკაშიც, ბრიუსელშიც და ევროკავშირშიც დაიღალნენ უკვე ჩვენი პრობლემებით“, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „გირი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აკეთებს. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ „დასავლეთმა საქართველოზე ხელი ჩაიქნიოს“.
ჯაფარიძის შეფასებით, 2 ოქტომბერს ჩანიშნული თვითმმართველობის არჩევნები ბუნებრივად იქცა რეფერენდუმად, თუ საით წავა ქვეყანა.
„ქვეყანაში რომ უმუშევრობაა, ეკონომიკა გაჩერებულია, ფასები 13%-ით არის გაზრდილი და ფული აღარ შემოდის, ინვესტიციას აღარავინ აკეთებს და ა.შ. ეს ყველაფერი ადამიანებმა ისედაც იციან – რაც ახლა ხდება, თავისი მნიშვნელობით ცდება ამ ყველა ყოველდღიურ პრობლემას, რომელიც ქვეყანაში ადამიანებს აქვთ. ხდება ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახლა, ცოტა ხნის წინ უარი თქვა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, რომლის უკანაც იდგა ამერიკა და ევროკავშირი და ამით უარი თქვა ამ ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანზე, უარი თქვა, რომ ამ ქვეყანამ გააგრძელოს გზა დასავლეთისკენ, თავისუფალი სამყაროსკენ და უარი თქვა ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე. ეს პრაქტიკულად წერია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირმა გაავრცელა. ახლა ადამიანებს უნდა ავუხსნათ რას ნიშნავს ეს. თაობებმა დაღვარეს ამ ქვეყანაში სისხლი იმისათვის, რომ ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში დამდგარიყო შეუქცევადად ევროატლანტიკურ გზაზე და ამ ხალხს, რომელიც ჩაბღაუჭებულია ხელისუფლებას და ფულს უნდა, რომ ამაზე უარი თქვას.
ბუნებრივია, რომ თუ დასავლურ კურსზე ამ ქვეყანაში რომელიმე მთავრობა ამბობს უარს, მისი ბუნებრივი მოკავშირე ხდება რუსეთი – ეს არის რეალური საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენ ახლა ვდგავართ. ამ საფრთხეს ემატება ის, რომ დასავლეთში, ამერიკაშიც, ბრიუსელშიც და ევროკავშირშიც დაიღალნენ უკვე ჩვენი პრობლემებით. ეს არის რეალობა, ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს – 2 ოქტომბერს ეს არის გადასაწყვეტი. მესმის, რომ ფორმალურად ეს არის ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არჩევნები ბუნებრივად იქცა რეფერენდუმად საით წავა ეს ქვეყანა. ჩვენ რაც შეგვიძლია, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული უამრავი განსხვავებისა, ვცდილობთ, ვთანამშრომლობთ, ვლაპარაკობთ, ვათანხმებთ ერთმანეთთან რაღაცებს და ამ თანამშრომლობის ნაწილია ის, რომ ჩვენ ვართ შეთანხმებული საერთო კანდიდატებზე მაჟორიტარობის ნაწილში. 2 ოქტომბერს ყველა მივდივართ რეფერენდუმზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.