„თუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რას უკავშირდება განცხადება, რომლის მიხედვითაც, ჩინეთს, შესაძლოა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პირადი კომერციული ინტერესი ჰქონდეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის დამოკიდებულება იმით აიხსნება, რომ ამერიკა ანაკლიის პორტის პროექტში თავის კომერციულ ინტერესს ვერ ხედავს, რადგან მათ, წლების განმავლობაში ამ პროექტისთვის არანაირი ინვესტიცია არ განუხორციელებიათ.
„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობისას ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პარტნიორთან კონსულტაციების რეჟიმში ვიქნებით. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთთან პარტნიორობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს უშლის, არ ვიცი რაზე მიანიშნებს. მთავარია ის, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მეტად რეალიზებას შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება ჩინეთის ინტერესებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რასაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ახსენებს, თუ აშშ ანაკლიის პორტზე ზრუნავს, მან ეს ინვესტიციით უნდა გამოხატოს. მე არ ვიცი, რა არის მიზეზი, თუმცა ანაკლიის პორტში დღემდე არც ერთი ინვესტიცია არ განხორციელებულა. თავის დროზე, როდესაც ეს პროექტი მამუკა ხაზარაძეს ებარა, მან ვერც ერთი დასავლური ინვესტიციის მოზიდვა ვერ მოახერხა. ახსნადია ის, რომ ამერიკა შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტში თავის კომერციულ ინტერესს ვერ ხედავს. ზრუნვა ინვესტიციით გამოიხატება. ამერიკას ამ მიმართულებით არავითარი პრაქტიკული ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც სამწუხაროა. ჩვენთვის ნებისმიერი ინვესტიცია ძალიან მისასალმებელი იქნებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.