LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამჟამად საყურადღებოა ჩუტყვავილა და ქუნთრუშა“ – მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა უნდა იყოს

230
Untitled design

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ქვეყანაში ჩუტყვავილას ვირუსის მომატებულ შემთხვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია.

ვაქცინაციის აუცილებლობაზე, ვირუსის მიმდინარეობასა და მისგან გამოწვეულ გართულებებზე მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

„ამჟამად საყურადღებოა ჩუტყვავილა და ქუნთრუშა. მოგეხსენებათ, ჩუტყვავილა ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ, მაგრამ მათ, ვისაც ბავშვობაში არ გადაუტანიათ, მოზრდილობაში საკმაოდ მძიმე ფორმით ემართებათ ხოლმე ხშირ შემთხვევაში და გართულებებით მიმდინარეობს.

შეიძლება გართულდეს ფილტვის ანთებით, არც თუ ისე იშვიათია ნევროლოგიური გართულებები და ე.წ. მეორეული ინფექცია – როდესაც დაზიანებულ კანს ბაქტერიული ინფექცია დაერთვის. ხშირად მიმდინარეობს ძალიან მაღალი ცხელებით, ზოგადი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული აქვთ ხოლმე და ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციაც სჭირდებათ..

ჩუტყვავილაზე კანის ნაცხის პისიარ კვლევა ტარდება, შესაძლებელია სისხლის გამოკვლევაც ანტისხეულებზე.

ჩვენთან ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, ეს ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გამოსასწორებელი აქვს. ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გადამდები ვირუსია, ახასიათებს ასეთი აფეთქებები და ამჟამად გვაქვს ეს სიტუაცია.

თუ ოჯახის ერთ წევრს დაემართა, ან ორგანიზებულ დაწესებულებაში ვინმეს დაემართა, თუ დანარჩენებს გადატანილი არ აქვთ, ალბათობა, რომ კონტაქტში მყოფები დაინფიცირდნენ, 100 %-ია.

თუ ჩუტყვავილა გადატანილი გვაქვს, მშვიდად ვიქნებით – განმეორებითი ჩუტყვავილა არ ხდება, თუმცა მისი გადატანის შემდეგ, ეს ვირუსი მთლიანად ორგანიზმიდან არ გადის და მთელი ცხოვრება ჩვენთან ერთად რჩება, უბრალოდ ჩვენი იმუნიტეტი მას აკონტროლებს. ხშირია მისი გააქტიურება სხვა დაავადების სახით, რომელსაც „ჰერპეს ზოსტერი“ ჰქვია, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში აქტიურდება, თუმცა ბავშვებშიც კი გვხვდება“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მისივე თქმით, საკურორტო სეზონების მოახლოებასთან ერთად, ინფიცირების შემთხვევებიც იმატებს:

„საკურორტო სეზონის მოსვლასთან ერთად ინფექციების აღმავლობა ჩვეულებრივი ამბავია. ამის ერთი მიზეზი არის ის, რომ ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება; მეორე არის ის, რომ სასტუმროებსა და ჰოსტელებში ჰიგიენური რეჟიმი ირღვევა, რის გამოც, ბავშვებს დიარეული ინფექციები ემართებათ“, – ამბობს მაია ბუწაშვილი.