LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამდენი სისხლის ნახვა აღარ მინდა“ – როგორ ცხოვრობენ და რას ფიქრობენ ე.წ. საზღვრებით გახლეჩილ საქართველოში

333
150363234_0_166_3300_2035_600x0_80_0_0_4348ebd543dd886cd115b692cda08b0e

ე.წ. საზღვრები, რომლებიც ხან გახსნილია და ხან დაკეტილი, ის დანარჩენ საქართველოს მავრთულხლართებს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას აშორებს. რა ხდება ამ ე.წ. საზღვრებს მიღმა არ ვიცით…

გორის მუნიციპალიტეტში ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებლების ნაწილს სჯერა, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან, რუსეთი იცავთ და მათი ე.წ. პრეზიდენტების ცვლილებასთან ერთად, ცხინვალი ნელ-ნელა ვითარდება.

“ფორტუნა” ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ ჩამოსულ ეთნიკურად ოსს ესაუბრა. იმის მიუხედავად, რომ მან ოკუპირებულ რეგიონში თავისუფლების შედარებით მაღალ დონეზე ისაუბრა, ვინაობის დასახელება არ ისურვა. განაცხადა, რომ შესაძლოა ამის გამო, პრობლემები შეექმნას.

  • რა ხდება ე.წ. საზღვრებს მიღმა, ცხინვალში?

ბოლო პერიოდში ქალაქი ძალიან შეიცვალა, გასუფთავდა, მაგრამ ეკონომიკა, პოლიტიკა, უფრო ნელნელა მიდის წინ. განვითარებისთვის საჭიროა, რომ მთელი მსოფლიოსთვის ღია უნდა გავხდეთ. ერთერთი პოეტის სიტყვებია – “მთელი მსოფლიო ჩემი ტაძარია”, საჭიროა ჩვენთვისაც ასე იყოს. ამ ეტაპზე ოსეთი საკუთარ თავშია ჩაკეტილი, ეს სწორი არ არის. ახლა ამბობს, რომ რუსეთი ჩემი სამყაროა, მაგრამ სხვა ქვეყნებთანაც ასე უნდა იყოს. ოსეთს კონტაქტების დამყარება სჭირდება, რუსეთი რა თქმა უნდა, დარჩება, მაგრამ სხვა ქვეყნებთანაც სჭირდება კავშირი. ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანას რუსეთიც ეხმარება და საქართველოც. საქართველოს დეკლარირებული აქვს, რომ პროევროპული ქვეყანაა, ეს მომწონს, თუმცა სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში, ამ პროევროპულობას არ აჩენს.

  • რატომ კეტავენ ე.წ. საზღვრებს?

ამ უსიამოვნო სიტუაციას ხელისუფლებები ქმნიან, ჩვენი ხელისუფლება ქმნის ამ პრობლემას -„საქართველო ჩვენ არ გვაღიარებს, ამიტომ დავკეტოთ საზღვარი“ – ამბობენ ისინი და რთულია შეეკამათო. ჩემი აზრით, ეს აღიარება-არაღიარების საკითხი გვერდით უნდა გადაიდოს და ხელისუფლებებმა ხალხზე უნდა იფიქრონ.

კი ბატონო არ ვაღიაროთ, მაგრამ მივცეთ საშუალება ხალხს, ერთმანეთთან ნორმალურად იარონ. ამაში საქართველოსაც შეუძლია მონაწილეობის მიღება. მაგალითად, ნორმალური გამშვები პუნქტები მოაწყონ და დაარქვან გასასვლელი და არა ე.წ. საზღვარი.

  • ეს ხომ უკვე აღიარება იქნება?

არ იქნება, არ აღიარონ… მთავარია, რომ ხალხი იყოს კარგად და ამისთვის უნდა მიდიოდეს მუშაობა. სახელმწიფო ინტერესებზე კი არა, ხალხზე უნდა იფიქრონ, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ამბიციები უნდა გადავდოთ. 

  • მხოლოდ საქართველო და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი არ არის აქ, არის დიდი პრობლემა რუსეთის სახით

რუსებს მონსტრად წარმოაჩენენ, არადა რეალურად ასე არ არის. ე.წ. საზღვრის დაკეტვასაც, სამხრეთ ოსეთი წყვეტს. რუსები არაფერ შუაში არ არიან.

რუსი სამხედროებიც და ოსებიც ემორჩილებიან ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებებს, არ ვამბობ, რომ სრულიად დამოუკიდებლები ვართ, თუმცა, ამ საკითხებს ადგილობრივი ხელისუფლება წყვეტს, საკუთარი გადაწყვეტილებით.

  • და საზღვრების ჩაკეტვა-გახნის რეალური მიზეზი რა არის?

უცნაურია, როცა ერთი და იმავე რაიონის მცხოვრებლებიდან ზოგს შეუძლია ე.წ. საზღვარზე გადასვლა და ზოგს არა. თუ ადამიანი მკურნალობს, რატომ უშლი ხელს? გაუშვი მშვიდად.

საქართველოში გადასვლით პოლიტიკურ ორიენტაციას არავინ იცვლის. ახლა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში ის ხალხია, რომელიც არ მონაწილეობდა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, არიან ხალხი, რომლებიც აქამდე არც კი ცხოვრობენ აქ. ასე უნდათ პატრიოტიზმის ჩვენება.

  • რაც შეეხება ადამიანის უფლებებს? რამდენად დაცულია ის?

როგორი რესპუბლიკაცაა, დაცულობის ხარისხიც ისეთივეა. კანონი ყველასთვის არ არის, თუმცა პროგრესი არის. ყოველი პრეზიდენტის შემდეგ, სიტუაცია ძალიან უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც იზრდება. აქამდე შეეძლოთ უბრალოდ მოეკალით, მერე უბრალოდ ციხეში გსვამდნენ, ახლა სიტყვებით გისწორდებიან, შესაბამისად ცოტ-ცოტა უკეთესობა არის. ეს იურისტების დამსახურებაცაა, გამოჩნდნენ ისეთი ადვოკატებიც, რომლებიც ხელისუფლებას არ ეკუთვნიან და მეტ-ნაკლებად იცავენ ხალხის უფლებებს.

  • თქვენ დადიხართ თბილისში სამკურნალოდ. სხვაგან თუ გადიხართ, რუსეთის გარდა, მოგზაურობთ? მსოფლიოში უპრობლემოდ გადაადგილდებით?

ჩვენთან 95%-ს რუსული პასპორტები აქვს, ისე არა, როგორც საქართველოშია, თუმცა, ვიზის მეშვეობით შესაძლებელია საზღვარგარეთ გასვლა. ამის საშუალება კი ზოგს აქვს, ზოგს არა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ყველა პარიზში ვერ ივლის. ეს ფინანსურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული და ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ამის საშუალება არ გააჩნია.

  • რით ირჩენს ხალხი თავს ე.წ. საზღვრებს მიღმა?

ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, მათ კარგი შემოსავალი აქვთ: ჩინოვნიკებს, მებრძოლებს, პოლიციას, რუსული ხელფასები აქვთ, სტაბილური და საკმარისი. დანარჩენებს, როგორც შეუძლიათ. ზოგიერთს პატარა ბიზნესები აქვს. ვინც ავადაა, მათ დახმარება ენიშნებათ. ძირითადად საშუალო ფენა გვყავს, მათხოვრები არ არიან, ქუჩებში არ დგანან. არიან გაჭირვებულები, თუმცა ქუჩებში დგომა არ უწევთ.

ძალიან კარგი სოციალური დახმარება და პროგრამები გვაქვს. მაგალითად, არსებობს „თავშესაფრები“, რომლებშიც საცხოვრებელი ხალხს უფასოდ გადაეცემათ. ახლა ასეთი 200 ოთახიანი საცხოვრებელია და კიდევ შენდება ერთი ასეთი საცხოვრებელი. ასეთი რამ მსოფლიოში არსად ხდება, რუსეთშიც კი. რუსეთი აფინანსებს ამ ყველაფერს, კარგი პროგრამაა.

  • თქვენ თქვით, რომ ცხინვალი დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებაში, თუნდაც საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით აღნიშნეთ ეს. მაშინ რუსეთი რატომ გაფინანსებთ, თუ გადაწყვეტილებებში არ ერევა და დამოუკიდებლები ხართ?

რუსეთი ახლა ვალდებულია გადაგვიხადოს.

  • რატომ? რა ვალდებულებებზე საუბრობთ?

თავს არ ვიტყუებ და არ ვამბობ, რომ ეს სიყვარულია, ეს უბრალოდ საჭიროებაა. რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ან აღიარებდა სამხრეთ ოსეთს და დაიცავდა ამ 50 000 ოსს, რომელიც იქ ცხოვრობდა ან კავკასიაში მხარდამჭერი და მოკავშირე აღარ დარჩებოდა. ოსეთი ახლა რუსეთისთვის ყველაზე საჭირო მოკავშირეა კავკასიაში. ის აკონტროლებს კავკასიაში ორ მთავარ გზას. 

  • ვისგან დაიცვა რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი?

ყველა დარწმუნებულია, რომ საქართველო ნაციონალიზმისგან არ განკურნებულა. მე ვიცი, რომ ქართველებს ომი არ უნდათ და არასდროს დაიწყებენ მას… შეიძლება ვცდები, მაგრამ რუსეთს რომ არ დაეცვა სამხრეთ ოსეთი, ქართველები ჩვენ გაგვყრიდნენ. ეს დამოკიდებულებები უნდა შეიცვალოს. ეს პროცესი მშვიდად უნდა დალაგდეს… იმდენი სისხლი მაქვს ნანახი, ომი აღარ მინდა. ამდენი სისხლის ნახვა აღარ მინდა.

ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები და პოზიციები 

რესპონდენტის ტერმინოლოგიაა, მის პოზიციას გადმოსცემს და

შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები