შოვში დაღუპული ნატო ჭელიძე, ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები 26 აგვისტოს, თბილისში დაკრძალეს.
დაღუპულ ოჯახს გიორგი დუდაშვილი მთელი თვე ეძებდა. მოქალაქეები კი დღემდე თავს ვერ უყრიან სიტყვებს გიორგი დუდაშვილის სანუგეშოდ. როგორ უნდა ისწავლონ ტკივილთან ერთად ცხოვრება ადამიანებმა, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს და როგორ უნდა გაძლიერდნენ სულიერად, ამ საკითხზე „კვირის პალიტრა“ დეკანოზ მამა შალვა კეკელიას ესაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
მამა თოჯინით – ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით თუ შეგიძლიათ, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდები და დამეხმარეთო. მას ცხოვრება აღარ შეუძლია, მეუღლე და სამი შვილი აღარ ჰყავს. ამას პასუხი არა აქვს, როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, მაგრამ თუ ამას შევხედავთ სულიერად, გარდაცვლილები იქით სამყაროში ელოდებიან, იმიტომ რომ მათი სულები ცოცხალია. ისინი მარადიულ სამყოფელში გადავიდნენ. ჩვენ ქართველებს გვაქვს ასეთი სიტყვა “გარდაიცვალა” ანუ მდგომარეობა შეიცვალა. ლოცვებში ვკითხულობთ: „წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა (მხევლისა) შენისასა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი” – ანუ ამქვეყნიური მისი მოღვაწეობა დასრულდა და მარადიულ ცხოვრებას შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, ისინი ღვთის წინაშე არიან, იქ, სადაც წმინდანები არიან, სადაც მართალი სულები განისვენებენ. აქ დარჩენილმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა იქ მოხვდეს, სადაც მისი შვილები არიან. ამისთვის ბევრი უნდა იღვაწოს სულიერად, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს, რაც ძალიან რთულია, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არის ღვთის დიდი ნუგეში… მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს და დღესაც ვიმეტებთ მას ჯვარცმისთვის, როცა ვცოდავთ, ვმრუშობთ, ვიკეთებთ ნარკოტიკს, ვლოთობთ, ერთმანეთს ვექიშპებით, უსიყვარულობაში ვართ. ეს ყველა ცოდვა მაცხოვრის ხელმეორედ ჯვარცმაა. როცა არ ვლოცულობთ, არ ვმარხულობთ, გათენებული დღის გამო ღვთისადმი მადლიერება არ გაგვაჩნია, ესეც ღვთის გამეტებას ნიშნავს. როცა მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, მის დედას, ღვთისმშობელს, ყველაზე მეტად ეტკინა. როცა ჯვარცმულ მაცხოვარს უყურებდა, გულნაწლავი ეწვოდა, მთელი სხეული ჩამწვარი ჰქონდა. ხშირად დამისვამს მეც კითხვა, ხომ შეეძლო ყოვლისშემძლე ღმერთს მისი დედისთვის ეს ტკივილი აერიდებინა, ამ ტკივილამდე ერთი კვირით ადრე გაეყვანა, მაგრამ დედა ღვთისმშობელი ხომ შვილგარდაცვლილი დედაა. დედამიწაზე არ მეგულება მისთანა დედა და არ მეგულება დედამიწაზე მაცხოვრისთანა შვილი. ღმერთმა დაუშვა ეს, რადგან იცოდა, რომ ადამიანებს ასეთი დიდი ტკივილები შეხვდებოდათ ცხოვრებაში და შვილგარდაცვლილი დედებისთვის დიდი ნუგეში იქნებოდა ღვთისმშობელი. ადამიანებს ვურჩევ ღმერთს დაუკავშირონ თავიანთი ცხოვრება და თუ ამას შეძლებენ, მათი ცხოვრება სხვანაირად წარიმართება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ჩვენს გარდაცვლილებს. ეს იქნება მცირე დაშორება
– მამაო, თქვენ პირადად გაქვთ განცდილი ეს ტკივილი, რადგან შვილი დაგეღუპათ.
– მე სამი შვილი დედამიწაზე მყავს, ერთი – ღმერთთან. შეგრძნებების დონეზე იოანესთან ურთიერთობა ერთი დღითაც არ შემიწყვეტია. როგორც ჩემს სამ შვილთან ვმეგობრობ, ძალიან მიყვარს ისინი, იმაზე მეტი ურთიერთობა მაქვს იოანესთან. ჩემმა შვილმა ცხოვრება მასწავლა, მის ანგელოზთან ყოველთვის მაქვს შეხება. ახალ წელს ყოველთვის ჩემი შვილის საფლავზე ვხვდებით, მაგრამ ტრაგედიით არა, სიხარულით. ერთხელ ჩემმა პატარა ბიჭმა, ილიამ მითხრა, მამიკო, ხომ შეიძლებოდა ღმერთს არ გაეყვანა იოანე, ახალ წელს ჩვენც სახლში შევხვედროდით ჩემს ძმასთან ერთადო. შენ იოანე ზეცაში გელოდება და ღირსეულად უნდა იცხოვრო-მეთქი. უნდა ვეცადოთ ისე სუფთად ვიცხოვროთ, რომ იქ მოვხვდეთ, სადაც ის არის. შვიდი წელი გავიდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან და ტკივილთან ერთად სიხარულიც დიდი მაქვს. იოანემ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. სულ სხვა თვალით შევხედე ამ სამყაროს და კიდევ უფრო მეტად დავაფასე ამქვეყნიური ყველა წამი. სხვანაირად დავაფასე ურთიერთობა მეუღლესთან, შვილებთან, მრევლთან, სამშობლოსთან. უფრო ცოცხალი გახდა ჩემთვის ეს ქვეყანა და ის მარადიული სამყოფელი, სადაც გადავინაცვლებთ. მინდა მართლა ისე წმინდად ვიცხოვრო, რომ იქ მოვხვდე, სადაც ჩემი შვილია.