ონლაინ გაყიდვების ამერიკული, მულტიბრენდული ვებ-გვერდი- Amazon სურსათის ინდუსტრიაში შედის. კომპანია სუპერმარკეტების ქსელს Whole Foods Market 13,7 მილიარდ დოლარად შეიძენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კი The New York Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Whole Foods-ის ერთ აქციაში მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ-მაღაზია $42-ს გადაიხდის. აღსანიშნავია, Amazon და Whole Foods გარიგებას წლის ბოლომდე დაასრულებენ.
Amazon–ში აცხადებენ, რომ მკვეთრ ცვლილებებს არ აპირებენ და სუპერმარკეტების ქსელი არსებული ბრენდის ქვეშ გააგრძელებს მუშაობას.
ცნობისთვის, Whole Foods 1978 წელს ტეხასში დაარსდა. დღეს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია და 460 სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. ამერიკის გარდა, კომპანია სუპერმარკეტებს კანადასა და დიდ ბრიტანეთშიც ფლობს.