„ამაზე მიფიქრია და ახლაც ვფიქრობ“ – ასე უპასუხა პოლიტიკოსმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტის კითხვას აპირებს თუ არა ენმ-ის თავმჯდომარეობისთვის არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფორმულას ეთერში გუშინ, 26 ნოემბერს ისაუბრა.
„ამაზე მიფიქრია და ახლაც ვფიქრობ. მინდა განვმარტო, რატომ ვფიქრობ ამაზე. პირველი ჩემი მოტივაცია არის , რომ ენმ-სა და ზოგადად, ოპოზიციის დღის წესრიგი განისაზღვროს ისე, როგორც მე წარმომიდგენია. მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს „ქოლგა პარტია“ თუ პლატფორმა, რომელშიც თავი უნდა იპოვოს საზოგადოების ძალიან ბევრმა ჯგუფმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ნაციონალური მოძრაობისთვის ხელშეწყობა.
მეორე არის ის, რაზეც წუხილი მომისმენია არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან, არამედ სხვა ადამიანებისგანაც, რომლებსაც ესმით ენმ-ის, როგორც სისტემური პოლიტიკური პარტიის მნიშვნელობა იმ გარდატეხისთვის, რაც საზოგადოებაში უნდა მოხდეს: ზოგჯერ ის კონკურენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ, არც თუ სასურველ სახეს იღებს. არ უნდა დავუკარგოთ არც ნიკა მელიას, არც ლევან ხაბეიშვილს და არც გიორგი მუმლაძეს ის ღირსებები, რაც გაუკეთებიათ, ნიკა მელიას ის თავგანწირვა, რაც ჩაიდინა, არ უნდა დავივიწყოთ. თავის პოზიციაზე ასევე მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ლევან ხაბეიშვილს. ვერავინ დასვამს ეჭვქვეშ გიორგი მუმლაძის თავგანწირვასა და გულწრფელობას. მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი არის საჭირო ამ პარტიისთვის იმისთვის, რომ ის იყოს პლატფორმა რომელიც შეკრავს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს“, — თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.