საქართველოს ჩემპიონი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა. ამაში გასაკვირი არც არაფერია. ჯერ ძალიან რთულია ჩვენი გუნდებისთვის მსგავსი წარმატების მიღწევა. ახლა თითო-ოროლა ეტაპის გადალახვაც წარმატებად მიიჩნევა. მოკლედ, „ტორპედო“ განმეორებით შეხვედრაში ბულგარულ „ლუდოგორეცს“ ვერ გაუმკლავდა, 0:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-6 წუთზე ქუთაისელთა კარი ვირჯილ მისიჯანმა აიღო. 38-ე და 59-ე წუთებზე გუსტავო კამპანიარომ დუბლი შეასრულა, ვანდერსონმა 62-ე წუთზე ქუთაისელთა მეოთხეც გაიტანა და “ლუდოგორეცმა” 4:0 გაიმარჯვა. ამით ქართული გუნდების ევროსეზონი ნაადრევად დასრულდა.
ევროპა ლიგის პლეი-ოფში ქუთაისის “ტორპედოს” დამარცხება ბულგარელებმა მოკლედ შეაფასეს.
“პაულო აუტორის ბიჭებმა “ტორპედო” ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხეს და მეხუთედ გავიდნენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე.
“ლუდოგორეცს” მეტოქემ განსაკუთრებული პრობლემები ვერ შეუქმნა, აშკარად ჩანდა, რომ მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს კლასით ჩამორჩებოდა. ჩვენი ფეხბურთელები თამაშობდნენ სწრაფად და ლამაზად, შეტევაში კი შემოქმედებითად მოქმედებდნენ”, – აღნიშნავს კლუბის საიტი.
“ლუდოგორეცმა” ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, სრულად დომინირებდა და დამსახურებულად გავიდა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე”, – დაწერა მატჩის რეცენზიაში gong-ის საფეხბურთო მიმომხილველმა ივო სტეფანოვმა.
“დამსახურებულად გავიმარჯვეთ, “ტორპედო” კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენი დონის არაა. მატჩისათვის სათანადოდ განვეწყვეთ, ადრეულმა გოლმა კი მიზნის მიღწევაში ხელი შეგვიწყო. ვიცოდით, რომ მეტოქეზე უკეთესი გუნდი ვართ და ჯგუფურ ეტაპზე გავედით. ვიყავით მშვიდნი და კონცენტრირებულები.
ახლა შეგვიძლია დავმშვიდდეთ, ბულგარეთის ჩემპიონატზე უკეთ ვიასპარეზებთ და თქვენ ნახავთ საუკეთესო “ლუდოგორეცს”.
გაგვიმართლა, რომ პლეი-ოფი ადვილად გადავლახეთ და ვინც არ უნდა შეგვდეს ჯგუფში, ჩვენი ამოცანა შემდეგ ეტაპზე გასვლაა”, – განაცხადა გუნდის კაპიტანმა სვიატოსლავ დიაკოვმა.
ლუდოგორეცი – ტორპედო 4:0 (2:0)
რაზგრადი, “ლუდოგორეც არენა”
ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, დოლიძე (ქიმაძე 77), ჰლინკა, ცინცაძე, კაპანაძე, კუტალია (დაფე 46), ლაჩნი (კუხიანიძე 58)
გოლი: 1:0 მისიჯანი (6), 2:0, 3:0 კამპანიარო (38, 59), 4:0 ვანდერსონი (62)
გაფრთხილება: დოლიძე (40), აზაცკი (53), კობახიძე (63), კამპანიარო (68), გორალსკი (75), კუხიანიძე (84)