„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც სახელმწიფო ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე და მკვლელობისთვის არავინ ისჯება, ეს ვენდეტის წახალისებაა.
ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თქვენ რა, არ იცით, რომ როდესაც სახელმწიფო ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც ასეთი მკვლელობისთვის ვერ ისჯება, ეს არის პირდაპირი წახალისება და დაღუპულის ახლობლებმა უნდა აიღონ ხელში ვენდეტა. გინდათ ასე იყოს, ეს სიგნალი გინდათ? ყველას მოგმართავთ, ყველას, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა გინდათ აიღოთ, რომ თუ მთავრობას არ მოსთხოვოთ ნაბიჯების გადადგმა, ეგრე გამოვა, რადგან სისხლიანი გარჩევები მოჰყვება ამას,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ახალი ფაქტები დადგინდა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, გამოიკვეთა, რომ გამოძიების ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ-სთვის ბრალის წასაყენებლად.
„ საზოგადოებამ ზოგადად იცოდა, რომ ხელისუფლება ცუდად მოიქცა, მაგრამ დადგინდა კონკრეტული ფაქტები. კერძოდ, დადგინდა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე კი არა, ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ-სთვის ბრალის წასაყენებლად, მკვლელობაში თანამონაწილეობაში, პირდაპირ გეუბნებით. ეს დადგინდა. დადგინდა ახალი მტკიცებულებები ამ ბრალდების წასაყენებლად მ.კ-სთვის. თქვენ ხვალ მოგთხოვენ პასუხს, თუ მთავრობა ნაბიჯს არ გადადგამს და თუ გადადგამს, მერე ვნახავთ, როგორი იქნება ჩვენ შორის აქ საუბარი,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამასთან, როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კომისიამ დაასკვნა, როგორ გააყალბეს მტკიცებულებები.
„კომისიამ დაადგინა კონკრეტული პირები, ვის მიმართაც არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ დაიწყოს გამოძიება. ეს პირები არიან შოთაძე, ფხაკაძე, ფიფია. კარგი სცენარი თქვენთვის და თქვენი მთავრობისთვის არ არსებობს, რადგან უკვე ცუდი სცენარია დამდგარი. საზოგადოებამ მიიღო სიგნალი – როგორც მართლაცდა ძველ წარსულში იყო, თუ ახალგაზრდას სისტემაში ახლობელი ჰყავს, შეუძლია გამოძვრეს; ასეთი მთავრობა გვყავს, ასეთი საგამოძიებო სტრუქტურები. ეს უკვე ცუდია, მაგრამ არსებობს ბევრად უარესი სცენარები.
თუ ამ კომისიის დასკვნის, კონკრეტული ფაქტების გამოვლენის შემდეგ, არ გადაიდგმება ეს კონკრეტული ნაბიჯი, ზიანი თქვენთვის იქნება უმძიმესი, კატასტგროფული. ამიტომ გამოსავალი არის ერთი, მთავრობამ, საგამოძიებო ორგანოებმა, პროკურატურამ ახალმა ხელმძღვანელობამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.