LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ გადაწყვეტილებით ისტორიაში შეხვალთ, მაგრამ ეს ისტორიის კარგი მხარე არ იქნება: ბურჯანაძე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

72
გიორგი ბურჯანაძე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა.

მანამდე, საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივი სხდომა, რომელზეც ინსპექტორის შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე მსჯელობდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

სხდომას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სახალხო დამცველის მოადგილე ესწრებოდნენ, მოგვიანებით კი სხდომა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა დატოვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დანიშნულებაზე საუბრის დროს, სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ 6 წლის ვადით დანიშნული ადამიანის გათავისუფლება, სრულიად დაუშვებელია.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების ინიციატორები ისტორიაში შევლენ, თუმცა ეს ისტორიის კარგი მხარე არ იქნება:

“ამ სამსახურმა 2019 წლის 1 ნოემბრის შემდეგ შეუძლებელი შეძლო. მასზე ცუდის მთქმელი არ მინახავს. მათი საქმიანობა სანიმუშო იყო. წარმოიდგინეთ, შაბათს საღამოს ჩემი და ჩემი კოლეგების გაკვირვება, როდესაც ვიგებთ, რომ ასეთი სანიმუშო სამსახური უქმდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, რომ ეს სამსახური რაღაცას ვერ აკეთებდა და ამის მერე, როცა 4-დღეში იგეგმება ამნაირი სამსახურის გარდაქმნა და დამოუკიდებელი, 6 წლის ვადით დანიშნული ადამიანის გათავისუფლება, სრულიად დაუშვებელია.

მე ამ პარლამენტის ისტორიაში ბევრი გადაწყვეტილება არ მომწონებია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სანიმუშოდ ჩაიწერება ამ პარლამენტის ისტორიაში…

ბატონმა რატიმ ერთ კითხვას ვერ გასცა პასუხი, რომელიც შინაარსობრივად იტყოდა, რა არის ამ კანონპროექტის მიღების შანსი. თუკი აირჩია პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორი, რატომ არ შეიძლება, მან გააგრძელოს ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელობა. რატომ არ უნდა იყოს ერთ-ერთი მიმართულებით ხელმძღვანელი ვადის ამოწურვამდე ? არანაირი ლოგიკა არ დევს ამაში. ამ გადაწყვეტილებით ისტორიაში შეხვალთ, მაგრამ ეს ისტორიის კარგი მხარე არ იქნება. დანანებით ვამბობ ამას, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, თქვენ ჩემი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენთ; იმ ქვეყნის, რომელიც ძალიან მიყვარს. ძალიან მრცხვენია იმ სამი ადამიანის, რომელსაც დღე და ღამე აქვს გატარებული სამსახურში და ახლა ვისმენთ, რომ ეს სამსახური უნდა გაუქმდეს.” – თქვა ერთობლივ სხდომაზე გიორგი ბურჯანაძემ.