ცნობილი ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე “ასტრაზენეკას” ვაქცინის გარშემო საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხობს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოქალაქეებს უზიარებს “ასტრაზენეკას” წარმოებული ვაქცინის ადგილობრივი და ზოგადი შესაძლო გვერდითი მოვლენების პროცენტულ განაწილებას.
გიორგი კამკამიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით ბევრი კოლეგა და არაკოლეგაც მომმართავს კითხვებით ვაქცინის გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით. ასტრა-ზენეკას ვაქცინას, როგორც ნებისმიერ სხვა ვაქცინასა თუ სამკურნალო პრეპარატს, გააჩნია გვერდითი მოვლენები. მათ შესახებ გვქონდა საკმაოდ ინტენსიური მსჯელობები სამედიცინო პერსონალთან, თუმცა უფრო ფართომასშტაბიანი ინფორმირებულობა ნამდვილად საჭიროა.
ტექნიკური ხარვეზის გამო არასამედიცინო კონტინგენტიც დარეგისტრირდა აცრაზე და ამ პოპულაციაში კი ნამდვილად ძალიან მწირია ინფორმაცია გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ვაქცინაციის კამპანიის საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღოს.
წარმოდგენილ ორ სლაიდზე შეჯამებულია კონკრეტულად ასტრა-ზენეკას წარმოებული ვაქცინის ადგილობრივი და ზოგადი შესაძლო გვერდითი მოვლენების პროცენტული განაწილება ასაკობრივი ჯგუფებისა და ვაქცინის გაკეთებიდან გასული დღეების მიხედვით.
ამ ეტაპზე მომყავს მხოლოდ პირველი დოზის შემდეგ განვითარებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენების მონაცემები, რომ არ მოხდებს ზედმეტი ინფორმაციის მოწოდება და აღრევა მეორე დოზის შემდეგ მოსალოდნელ გვერდით მოვლენებთან”.- წერს ინფექციონისტი.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო და ზოგიერთი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები აცხადებენ, რომ იმუნიზაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს და რომ ვაქცინასთან დაკავშირებული შესაძლო რისკი გაცილებით მცირეა, ვიდრე ზიანი, რომელიც კორონავირუსმა შეიძლება მოიტანოს.