LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ დრომდე, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ პირობებში 200 მსურველიდან მხოლოდ 17-მა ჩააბარა

8945
BeFunky-collage

პრაქტიკულად, ერთი კვირაა, რაც ქალაქში მძღოლობის კანდიდატებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება დაიწყო.

რა შედეგები გვაქვს ამ პერიოდის განმავლობაში და კონკრეტულად, რა შეიცვალა მართვის მოწმობის მისაღებად – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, იმედა მაკასარაშვილმა ისაუბრა.

“მძიმე შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში კანდიდატს უწყდება გამოცდა” –  პრაქტიკულმა გამოცდამ ქალაქში გადაინაცვლა

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პირებს, რომლებიც თეორიულ გამოცდას ჩააბარებენ 26 აპრილიდან და შემდგომ პერიოდში, ორ ეტაპად მოუწევთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

„პირველი ეტაპი იქნება ისევ დახურულ მოედანზე, იგივე წესებითა და პირობებით, როგორიც მანამდე მოქმედი კანონმდებლობით იყო. ხოლო მეორე ეტაპი არის, რეალურ მოძრაობაში კანდიდატის გამოცდა.

რეალურ მოძრაობაში კანდიდატი იღებს მონაწილეობას იმისათვის, რომ მძღოლის უნარ-ჩვევები, რამდენად მზად არის იმისათვის, რომ მიიღოს მონაწილეობა საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა და შესაბამისად, ამის შემდეგ გაიცემა მასზე იმ კატეგორიის მართვის მოწმობა, რომელზედაც ჩააბარებს გამოცდას.

ამ ეტაპისთვის, 26 აპრილიდან, აღნიშნული ცვლილება მოქმედებს მხოლოდ ორი კატეგორიისთვის – B და BE კატეგორია. ის პირები, ვინც თეორიულ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ მათ ექნებათ 30 დღე იმისათვის, რომ პირველი ეტაპი დაძლიონ დახურულ მოედანზე.

ვინც, დახურულ მოედანზე ჩააბარებს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს, მას ექნება შესაძლებლობა, 15 დღის შემდეგ დაჯავშნოს ადგილი მეორე ეტაპისთვის და გავიდეს რეალურ მოძრაობაში. თუ კანდიდატს 15 დღეზე ადრე სურს გასვლა, მას მოუწევს დამატებითი საფასურის გადახდა და ისარგებლებს დაჩქარებული მომსახურებით“, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.

როგორც მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, 26 აპრილის შემდეგ, გარკვეულმა პირებმა უკვე ისარგებლეს როგორც დაჩქარებული მომსახურებით, ასევე, ჯავშნის სტანდარტული პერიოდით:

„დღევანდელი მდგომარეობით, უკვე 17 ასეთი კანდიდატი გვყავს, ვინც წარმატებით დასძლია მეორე ეტაპი და ჩააბარა პრაქტიკული გამოცდა. სასურველი შედეგია, თუმცა რა თქმა უნდა, უფრო მეტს ვისურვებ. გვინდა, უფრო მეტი მომზადებული კანდიდატი მოვიდეს, რომელიც მზად იქნება იმისათვის, რომ როგორც მძღოლი რეალურ მოძრაობაში ჩაერთოს.

ჩემი მონაცემებით, სულ ამ პერიოდში გამოსული იყო დაახლოებით, 200-მდე კანდიდატი, რომელმაც მეორე ეტაპში მიიღო მონაწილეობა და ამ 200 კანდიდატიდან 17-მა ჩააბარა“, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.

ერთი კვირის პერიოდში მიღებული ზემოხსენებული შედეგების მიზეზებზე საუბრისას იმედა მაკასარაშვილმა აღნიშნა, რომ რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდა ყველასთვის სიახლე იყო.

„რა თქმა უნდა, გარკვეული ცოდნა და მომზადება აუცილებლად სჭირდებათ კანდიდატებს იმისათვის, რომ შემდეგ რეალურ მოძრაობაში გამოავლინონ ეს ცოდნა და ჩააბარონ გამოცდა. ამას შესაბამისი კვალიფიციური ცოდნა აუცილებლად სჭირდება და ამ ცოდნის მიღება ცოტა არ იყოს რთულია. არ გვქონდა აქამდე ასეთი პრაქტიკა, არ არსებობდა სკოლები, სადაც ასეთ პრაქტიკას რეალურად გაივლიდნენ. ასევე, ძალიან მოკლე პერიოდია გასული, რაც დავიწყეთ მეორე ეტაპის გამოცდები და ვფიქრობ, ამ პერიოდში ვერ მოასწრებდა ბევრი კანდიდატი მომზადებას“, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.

მისივე თქმით, მძღოლობის მსურველ კანდიდატს, პირველი ეტაპის დაძლევის შემდეგ, რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა თვეში ერთხელ ექნება. ყოველ ჯერზე კი 90 ლარს გადაიხდის.

„მას შემდეგ, რაც კანდიდატი პირველ ეტაპს დაძლევს, მას აქვს 365 დღე იმისათვის, რომ ჩააბაროს მეორე ეტაპის გამოცდა და დაახლოებით, 11 ცდას მოასწრებს 365 დღის განმავლობაში კანდიდატი ანუ ვერ ჩაბარებული გამოცდიდან, 30 დღე უნდა გავიდეს.

მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს 90 ლარს თითო ჯერზე გასვლა. შესაბამისად, კანდიდატი, ვინც მეორე ეტაპზე გამოდის, მას მოუწევს ყოველ ჯერზე 90 ლარის გადახდა იმისათვის, რომ დაშვებული იქნეს მეორე ეტაპის გამოცდაზე. ამ 11 თვის განმავლობაში თითო ჯერზე, თითო 90 ლარს გადაიხდის“, – განაცხადა მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, იმედა მაკასარაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.