LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალყაში ჰყავდათ მოქცეული ერთი პირი…” – ბრალდების მხარის მტკიცებით, ფოტოგრაფმა არასრულწლოვან ნ.ქ.-ს წინააღმდეგ მისცა ჩვენება

273
IAKOB BREGVADZE

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე დაზარალებულ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა დასრულდა.

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა იაკობ ბრეგვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველა კითხვას პასუხი გასცა.

“ბევრი შეკითხვა იყო და ყველა კითხვას გავეცი პასუხი. კონკრეტულად კითხვა-პასუხს ვერ გეტყვით. რატომ არ მოვუყევი პოლიციას დეტალურად ინფორმაცია, ეს არასწორი შეკითხვაა,”- განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ფოტოგრაფის ჩვენებით, ჩხუბში “მერსედესის” ექვსივე მგზავრი და გიგა ტატიაშვილიც იღებდა მონაწილეობას.

როგორც პროკურორი განმარტავს, იაკობ ბრეგვაძემ ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა.

“ბრეგვაძის ჩვენებით, 6 ადამიანი გადმოვიდა მანქანიდან, ერთი შეიარაღებული იყო რკინის ხელკეტით, რომელიც კონსტანტინე ღიბრაძეს დაარტყა, რაც მოწმემ ადგილზე საკუთარი თვალით დაინახა. ასევე, ერთ-ერთმა პირმა მიწის საფარიდან ქვა აიღო და ექვსივე პიროვნება ჩაერთო ძალადობაში. როგორც მოწმემ განმარტა, სანამ ღობეზე გადახტებოდა, დაინახა, როგორ შეუერთდა მათ ის ორი პიროვნებაც, რომელიც მანამდე უკან ფეხით მოყვებოდა“, – განაცხადა ბრეგვაძის გამოკითხვის შემდეგ  გუგუტიშვილმა. 

პროკურორი ასევე განმარტავს, რა განაცხადა ფოტოგრაფმა ჩხუბის დეტალებზე.

„ბრეგვაძემ დაინახა, რომ ერთი პიროვნება იყო წაქცეული, იმ მომენტში იდენტიფიცირება ვერ მოახდინა, ალყაში მოიქციესო, ასე განმარტა. მოწმის თქმით, რვავე პიროვნება ჩართული იყო ჩხუბში და იქნევდნენ ხელებს და ფეხებს. კონკრეტული პიროვნება სახელით და გვარით არ დაუსახელებია, თუმცა, დააკონკრეტა რამდენჯერმე, რომ ჩხუბში რვავე პირი იყო ჩართული, იქნევდნენ ხელებს და ფეხებს და ალყაში ჰყავდათ ერთი პირი. ვინაიდან მან შენობას შეაფარა თავი, დაზიანებული პიროვნება არ უნახავს“, – განმარტავს პროკურორი. 

პროკურორის განცხადებით, “მერსედესის” ინციდენტის დროს, პირი, რომელმაც ხელში ქვა აიღო – არასრულწლოვანი ნ.ქ იყო.

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ბრეგვაძეს ჩხუბში მონაწილე კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია.

“იაკობ ბრეგვაძეს არასდროს, არც ერთ კომენტარში, მათ შორის, არც ჩვენებაში უთქვამს, რომ  კონკრეტული პირების ამოცნობა შეუძლია. მან თქვა, რომ იმ 8 ადამიანის სახელი და გვარები არ იცის, მათი ამოცნობა არ შეუძლია, მაგრამ თითოეული მათგანი ჩხუბში იღებდა მონაწილეობას. მან დაინახა მოქნეული ხელები, მაგრამ კონკრეტულ ადამიანს ხვდებოდა თუ არა, ეს არ დამინახავსო. ხიდის ქვეშ რა ხდებოდა, ამას ბრეგვაძე ვერასდროს დაინახავდა და არც არასდროს უთქვამს“, – განაცხადა ადვოკატმა.

არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი კი ამბობს, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა ის პირი მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელზეც დღეს სასამართლოზე ანა გაბეჩავამ და სალომე ჭკადუამ ისაუბრეს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ნ.ქ-ს ვიზუალი გაბეჩავასა და ჭკადუას მიერ აღწერილ პირს ემთხვევა.

ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფს ხვალ 18 წელი უსრულდება და მას შესაძლებლობა მიეცემა, საზოგადოებას ბევრი რამ უთხრას.

ცნობისთვის,  მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრეგვაძის დაკითხვა დღეს სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები