საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და “მედიატორთა ასოციაციას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს უწყებებს შორის თანამშრომლობას და განავითაროს შრომითი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები.
“შრომითი დავების მოგვარების ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი შრომითი დავების მედიაციაა. შრომითი დავების მოგვარება დიალოგის რეჟიმში, სასამართლოს ჩარევის გარეშე სწრაფად და ხარისხიანად ხდება. ეს მექანიზმი სამინისტროს მიერ წლების განმავლობაში მხარდაჭერილია. წლიდან წლამდე შრომითი დავების მედიაციის მექანიზმს კიდევ უფრო ვავითარებთ. სამინისტროში დამოუკიდებელ მედიატორთა რეესტრი გვაქვს, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ.” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებასა და მისი პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას.
“მედიაცია არის ნოვაცია, რომელიც არსებული კონფლიქტის მონაწილეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ჩართულობით კონფლიქტი ამოწურონ. ამ დარგის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.” – განაცხადა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.