LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alma Viviente – ახალგზარდა იურისტი ქალის ფერადოვანი გატაცება

726
N2

„ჩემი სამკაულების და ჩაცმის სტილიდან გამომდინარე ყველას ხელოვანი ან მოდის კრიტიკოსი ვგონივარ. ვერავის ვერ წარმოუდგენია, რომ ეს გაპრანჭული გოგო საათობით ვზივარ და გვამის ექსპერტიზას და მსგავს საკითხებს ვსწავლობ. ამას წინათ დანაშაულის შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და ექსპერტიზაში ალიკანტეს რეგიონის მთავარ გამომძიებელთან მქონდა პრაქტიკა. როგორც გაირკვა, თავიდან „ალმაცერად“ მიყურებდა, მეგონა, მარტო ტანსაცმელი გაინტერესებდა, მაგრამ როგორც ჩანს, შევცდიო, შენ აქ ყველაზე მეტი იცი, თითქმის იმდენი, რამდენიც მეო..“ – ეს ტექსტი ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ანანო სადაღაშვილმა გამოაქვეყნა და მას საკუთარი ხელით შექმნილი ბროშიც დაურთო. ხელნაკეთი აქსესუარის ფერადოვნება-სილამაზემ და წერილის შინაარსმა გულგრილი ვერ დამტოვა და იმდენად, რამდენადაც სოციალური ქსელი კომუნიკაციას მნიშვნელოვნად ამარტივებს, ანანოსგან „ფორტუნას“ აუდიტორიისთვის მისი პიროვნების გაცნობის ნებართვის შესახებ წერილზე პასუხი მალევე მივიღე.

ესპანელებს ერთი ასეთი გამოთქმა აქვთ – Tener la sartén por el mango, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს, ტაფა სახელურით გეჭიროს, გადატანითი მნიშვნელობით კი იგულისხმება, რომ ყველაფერი შენს ხელთ იყოს, ფლობდე უპირატესობას. ამ ფრაზას ანანოს წარსადგენად შემთხვევით არ ვიყენებ – გარდა იმისა, რომ ეს ქართველი გოგონა ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს და ალიკანტეს სახელმწიფო უნივერსიტეტში კრიმინალური გამოძიებისა და სასამართლო მეცნიერების მიმართულებით იღრმავებს ცოდნას, ახერხებს ისეთი ინტერესებიც ჰქონდეს, გამუდმებით რომ იქცევდეს ყურადღებას და ყველაფერთან ერთად, ძალას არ იშურებდეს, ღირსეულად ეკავოს ის ადგილი, რომელსაც მოიპოვებს. თუმცა ამ ყველაფერზე დაწვრილებით ქვემოთ.

ანანო სადაღაშვილი, იურისტი:

– დავიბადე და გავიზარდე თბილისში, სადაც სკოლა და უნივერსიტეტი დავამთავრე. ჩემი სკოლა რუსთაველის გამზირთან ახლოს მდებარეობდა და, ფაქტობრივად, მთელი ბავშვობა ქალაქის ცენტრში მიმდინარე პოლიტიკურ პერიპეტიებს ვადევნებდი თვალს. საპროტესტო აქციები შიშით მავსებდა, მაგრამ, იმავდროულად, დედის მონაყოლიც მახსენდებოდა, როგორ იდგა 1989 წლის აპრილში მეგობრებთან ერთად აქციებზე საქართველოს თავისუფლებისთვის…

ჩემი მოგონებებიდან მეორე მტკივნეული თემა, რამაც პროფესიის არჩევა გადამაწყვეტინა, 2008 წლის აგვისტოს ომია. იმ დღეებში ოჯახთან ერთად ცხელ წერტილთან ახლოს ვიმყოფებოდი, მესმოდა საშინელი გრუხუნი, ვუყურებდი ბომბების ცვენას… ერთ საღამოს ეზოში ერთი ბომბი ჩემ მახლობლად ჩამოვარდა. დეიდაჩემის კივილი გავიგონე – ანააა… ამ ხმის აღწერა სიტყვებით შეუძლებელია, ეს იყო შიშის, სიმწრის და ყველაფერი უბედურების მომასწავებელი ხმა. საბედნიეროდ გადავრჩი, მაგრამ ეს ხმა გონებიდან არ ამომდის და მუდმივად შთამაგონებს, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანაში აღარავინ განიცადოს ომში ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი… დიახ, ქვეყანაში არსებულმა უსამართლობამ და მისმა გამოუვალმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა, იურისტი გავმხდარიყავი.

უნივერსიტეტში ჩაბარებამდე მეუბნებოდნენ, რომ რთული და საპასუხისმგებლო პროფესიააო, მაგრამ გამოწვევების არ მეშინოდა, თან შინ ხომ ჩემი დიდი მასწავლებელი და ჭკუის დამრიგებელი მყავდა – პოლკოვნიკი პაპა, ვლადიმერ სუთიაშვილი, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით დიდი მოტივაცია მომცა.

– როგორ მოხვდი ესპანეთში? როგორც ვიცი, ამჟამად სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობ.

– ესპანეთში სასწავლებლად წამოსვლამდე თვეობით ვმოგზაურობდი ამ ქვეყანაში. არაერთი ქალაქი მოვინახულე, მოვიხიბლე მათი აურით, ადგილობრივების ღიმილიანი სახეებით, უშურველი კომპლიმენტებით, სიფერადითა და სიხალისით. ცხოვრებით მათეული ტკბობა ჩემთვის მომნუსხველი აღმოჩნდა. ესპანურ ენაზე აღარაფერს ვამბობ, ის ჩემთვის ვნებასთან და ტემპერამენტთან ასოცირდება.

ალიკანტეში სასწავლებლად ჩამოსვლის გადაწყვეტილებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მამა აქ წლებია, რაც ცხოვრობს. მოვიძიე ინფორმაცია ადგილობრივ წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით, შევაგროვე საბუთები და შევუდექი საქმეს. რამდენიმე არცთუ მარტივი ეტაპის გადალახვის და ესპანურ ენაზე წარმატებით გავლილი გასაუბრების შემდეგ, 25 მისაღები ადგილიდან ერთ-ერთი მე დავიკავე.

ჩემი მიმართულება კრიმინალური გამოძიება და სასამართლო მეცნიერება გახლავთ. გამოძიებას საქართველოშიც ვსწავლობდი (გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გია დეკანოზიშვილის ხელმძღვანელობით), თუმცა პროფესიული განვითარებისთვის ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების პრაქტიკისა და მეთოდების გაცნობა.

– რას ნიშნავს შენთვის შენი პროფესია, როგორ აპირებ პროფესიულად განვითარებას და სად ხედავ შენს თავს სამომავლოდ?

– შეიძლება ჩემი პასუხი უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემი პროფესია ჩემთვის თავისუფლად სუნთქვასთან ასოცირდება. ის მაძლევს ძალას, მხდის თავდაჯერებულს და მტკიცე პიროვნებად მაყალიბებს. მან გამოწვევების მიმართ შიში დამავიწყა. რაც შეეხება პროფესიულ განვითარებას, მსურს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ოფისში გამომძიებლად ვიმუშაო, ამისთვის კი დოქტორის ხარისხსაც დავიცავ. საქართველოში ლექციების წაკითხვასაც ვგეგმავ.

– პიროვნული განვითარების კუთხით რას აკეთებ, რა ინტერესები და ოცნებები გაქვს?

– პიროვნულ განვითარებაში ხელს მიწყობს საინტერესო ლიტერატურა, კარგი მუსიკა, ფილმები და ადამიანები. ჩემი მეგობრების მეშვეობით, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულები, საშუალება მეძლევა, განსხვავებული კულტურები და ადათები შევისწავლო. ზოგადად, გამოხატული ინტერესი ისეთი სფეროების მიმართ მაქვს, როგორებიცაა მოდა, მხატვრობა, არქიტექტურა. ეს დალოცვილი ესპანეთი ხომ ამ ყველაფერს ერთად უყრის თავს. მაქვს ბედნიერება, სალვადორ დალის, პაბლო პიკასოს, გოიას, ველასკესის და გაუდის მიწაზე ვიღვიძებდე და ამ შეგრძნებით ვტკბებოდე. რაც შეეხება ოცნებებს, მათზე საუბარი არ მიყვარს, რადგან მგონია, რომ ასე მათ ვაშიშვლებ, მაგრამ ის, რაც ყველაზე ძალიან მინდა ისაა, რომ ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული გულწრფელად შეგვეძლოს, ერთმანეთის შრომის დაფასება გვესწავლოს და ამით შეგვემსუბუქებინოს ერთმანეთისთვის ყოფა.

– რაც შეეხება შენს გატაცებას, ხელნაკეთ აქსესუარებს – როგორ გაჩნდა ეს საქმე შენს ცხოვრებაში?

– ბავშვობაში ბევრს ვხატავდი. ხატვამ ჩამომიყალიბა ხედვა, დამიხვეწა გემოვნება, ფერთა გამის შეგრძნება და ფერების სწორად შეხამება მასწავლა. ფერები დღემდე ყველაფერში მეხმარება, უპირველესად, ბედნიერების შეგრძნებაში. შემდეგი გატაცება იყო ქარგვა და ბისერებით სამკაულების დამზადება. ეს, ალბათ, 13 წლამდე გაგრძელდა. ბისერებს სტუდენტობისას დავუბრუნდი – როცა ბევრი სამეცადინო მქონდა, მათ განტვირთვის მიზნით მივმართავდი. თავდაპირველად ბისერებით ქალის სახეებს ვქარგავდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფეისბუკზე სამკაულების დიზაინერის თამარ მიქანაძის პოსტს წავაწყდი, ისე მოვიხიბლე მისი ნამუშევრებით, რომ დავუკავშირდი და სუტაჟის ტექნიკის სწვალება ვთხოვე. ამ ცოდნას არ დავჯერდი და ესპანეთში ტყავით საკარნავალო ნიღბების დამზადების კურსიც გავიარე. ყველა ეს მეთოდი საშუალებას მაძლევს, ჩემი სამკაული უფრო მრავალფეროვანი და გამორჩეული გავხადო. ვიყენებ ისეთ მასალებს, როგორებიცაა: ტყავი, სუტაჟი, ბისერები, ნატურალური ქვები, კრისტალები და სხვა. ჩემი ნაკეთობები საზოგადოებისთვის ჩემი სულის ჩვენებას ნიშნავს. აქსესუარებს მხოლოდ მაშინ ვქმნი, როცა მუზა მოდის, ესკიზს წინასწარ არასოდეს ვხატავ, არც ფერები მაქვს განსაზღვრული, იდეა ყოველთვის უცაბედად იბადება და შემდეგ თავისით ვითარდება. ძველ და ახლანდელ ნამუშევრებს რომ ვადარებ, რა თქმა უნდა, შეცდომებს ვპოულობ, მაგრამ ისინი მაინც ძალიან მიყვარს, რადგან ეს საქმე უბრალო გატაცებას ხომ სწორედ შეცდომებზე სწავლით გაცდა. უახლოეს მომავალში გამოფენის გაკეთებაც მინდა და სამკაულების გაყიდვაც. საკუთარი ბრენდის შექმნას ვაპირებ, რომელსაც „ცოცხალ სულს“ (Alma viviente) დავარქმევ.

– ტექსტი, რომლითაც სოციალურ ქსელში მიიქციე ყურადღება, მთავრდებოდა იმით, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვინ არიან შენთვის სამაგალითო ქალები?

– ჩემთვის  ქალის როლს ყველაზე ზუსტად ქართლის დედა გამოხატავს. ვფიქრობ, ამ სიმბოლოთი ყველაფერია ნათქვამი – ქალი შეიძლება იყოს დედა და საჭიროების შემთხვევაში მეომარიც. როგორც შვილისთვის, ჩემთვის სამაგალითო პიროვნება, უპირველესად, დედაა, შემდეგ მოდიან თამარ მეფე, მარო მაყაშვილი, თეკლა ბატონიშვილი, ოლღა გურამიშვილი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე… ალიკანტეს უნივერსიტეტში სხვადასხვა ეროვნების ქალები გავიცანი. ჩვენ არც კულტურა გვაქვს საერთო, არც რელიგია, არც ცხოვრების სტილი, არც მსოფლმხედველობა, მაგრამ ყველაზე მთავარი გვაქვს საერთო – ქალური სოლიდარობა, რაც ერთ დიდ მუშტად გვკრავს. ქალები ყველგან ძლიერები არიან, ყველა ქვეყანას თავისი ქართლის დედა ჰყავს…