ყურბან საიდის რომანის – „ალი და ნინო” ბრიტანული ეკრანიზაციის პრემიერა კინოთეატრ „ამირანში”, 22 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება. ქართულ საზოგადოებას კინო პრემიერას წარუდგენს კომპანია „სოკარი“ და „რუსთაველი“ ჰოლდინგი.
2016 წელი „სოკარის” საქართველოში მოღვაწეობის მეათე საიუბილეო წელიწადია. კომპანიის ანგარიშზე „სოკარის“ მიერ დაფინანსებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია.
რაც შეეხება „ალი და ნინოს“ ეკრანიზაციას, ფილმის რეჟისორი ბრიტანელი დოკუმენტალისტი, ასიფ კაპადიაა, ხოლო სცენარის ავტორი – „ოსკაროსანი“ქრისტოფერ ჰემპტონი. აღსანიშნავია, რომ „ალი და ნინოსთვის“ მუსიკა ასევე „ოსკარის“ მფლობელმა კომპოზიტორმა, დარიო მარიანელიმ შექმნა.
ფილმში მონაწილეობენ მაყურებლისათვის კარგად ცნობილი მსახიობები, მათ შორის დანიელი ვარსკვლავი კონინ ილსენი („ეშმაკის ადვოკატი“; „გლადიატორი“; „ნიმფომანიაკი“), მენდი პატინკინი (Homeland, -„პრინცესა პატარძალი“) და სხვ. მარია ვალვერდე ნინო ყიფიანის როლს განასახიერებს. ესპანელი კინოვარსკვლავი ცნობილია ფილმებით „ციდან სამ მეტრზე“ და რიდლი სკოტის გახმაურებული ბიბლიური დრამით – „გამოსვლა: ღმერთები და მეფეები“.
ყურბან საიდის რომანი – „ალი და ნინო“ 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და 100-ჯერ გამოიცა. მასში მოთხრობილია ალი შირვაშაჰისა და ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია.
„ალი და ნინო” ქართულ ენაზეა დუბლირებული და მისი ნახვა საქართველოს კინოთეატრებში 23 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.