“ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც აპატურაი წერს, ქართველი ჟურნალისტის გარდაცვალება მისთვის, ისევე როგორც საქართველოს ყველა მეგობრისთვის, ღრმად შემაშფოთებელია.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ არც ერთი დაწესებულება ან ორგანიზაცია ამ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული არ არის:
“ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც.
დემოკრატიაში უმცირესობები დაცულები არიან, დაცულია მედია, დაცულია სიტყვის თავისუფლება. ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არც ერთი დაწესებულება ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან.” – წერს აპატურაი “ფეისბუქში”.