LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აკრძალვა მოთხოვნას ვერ ამცირებს” – საფინანსო სექტორის რეგულაციების შედეგები და მოსალოდნელი რისკები

278
20190208180850

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან ექვსი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გააუქმა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ბაზრიდან ჯამში, 12 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გავიდა. რაც შეეხება საბანკო სექტორს, თებერვლის მდგომარეობით, ბოლო 1 წელში საქართველოში ბანკების 12 სერვისცენტრი დაიხურა.

ბანკების სერვისცენტრების დახურვის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად, სწარაფი სესხებისა და განვადებების შემცირება სახელდება, რომელიც რეგულაციების შემდეგ, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია.

ცალსახად, რეგულაციების გამო შემცირდა ფილიალები თუ სხვა მიზეზით, ამის კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ცალსახაა ის ფაქტიც, რომ რეგულაცია უფრო მეტად დიდ თანხიანი სესხების გაცემის მოტივაციას ახდენს და არა მიკრო სესხების. ავტომატურად ეს იძლევა იმის საშუალებას და მოთხოვნასაც, რომ ბანკებმა გარკვეული ოპტიმიზაცია გააკეთონ. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, ცალსახა იქნება, რომ ეს იქნება აღნიშნული რეგულაციის ეფექტი,” – აცხადებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძლენაძე “ფორტუნასთან.”

რეგულაციების ბოლო პაკეტი ძალაში 2019 წლის იანვარში შევიდა. როგორც “ფორტუნასთან” “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რეგულაციები აისახა მთლიან საფინანსო სექტორზე, თუმცა განსაკუთრებით მტკივნეული ის მიკროსაფინანსო სექტორისთვის აღმოჩნდა. კეპულაძე აღნიშნავს, რომ მათი შემცირების ტენდენცია სავარაუდოდ, შენარჩუნდება, რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ნაწილი რეგულაციების წნეხს ვერ გაუძლებს.

“რეგულაციები დაწესდა მთლიანი საფინანსო სექტორისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით გამკაცრდა რეგულაციები, რადგან მათ გაეზარდათ საწესდებო კაპიტალი, დაუწესდათ  საპროცენტო განაკვეთის ჭერი და ა.შ. ამ ყველაფერმა გამოიწვია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირების დაწყება და მე ველოდები, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება.

ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს გამსხვილების პროცესიც. ზოგიერთმა ბანკებს მიყიდა საკუთარი პორტფელი, ასევე შესაძლებელია, რომ რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაერთიანდეს,” – ამბობს გიორგი კეპულაძე.

 

საფინანსო სექტორი და რეგულაციები 

რეგულაციის ერთ-ერთი მიზანი რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირება იყო, ამას ადასტურებს “ფორტუნასთან” საუბარში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე, ბესიკ შენგელია. თუმცა, ამბობს რომ სერიოზული პრობლემები რეგულაციებმა ძირითადად ისეთ ორგანიზაციებს შეუქმნა, რომლებსაც ლომბარდული ტიპის სესხები ან მცირე კაპიტალი ჰქონდათ. ბესიკ შენგელია დასძენს, რომ რეგულაციების შედეგად სამომხმარებლო დაკრედიტება შეიზღუდა, რომელზეც 2012 წლის შემდეგ მოთხოვნა სულ უფრო იზრდებოდა, თუმცა, როგორც ამბობს, დაკრედიტება ხდებოდა “ჭარბად” და “შემოსავლის კონტროლის გარეშე.”

“დაკრედიტებისთვის არის სხვადასხვა ტექნოლოგიები და იმ ორგანიზაციებისთვის, ვინც დიდი ხანია ბაზარზე ოპერირებენ, ეს პრობლემა არ არის, რომ შემოსავლები დაადასტურონ. მაგალითად, ტაქსის მძღოლების შემთხვევაში არსებობს ქრონომეტრაჟი, ჯვარედინი გადამოწმების მექანიზმები და ა.შ. ზოგადად შეიძლება გადამოწმდეს, რა შემოსავალი შეიძლება მას ჰქონდეს,” – აღნიშნავს ბესიკ შენგელია.

მიუხედავად იმისა, რომ სექტორში სერიოზული პრობლემების არსებობას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში უარყოფენ, რეგულაციების ნაწილი მაინც არ მოსწონთ. მაგალითად, თავდების ინსტიტუტის შეზღუდვა, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე ზედა ზღვრის დაწესება.

“ახალი რეგულაციით მარტივად რომ გითხრათ, თქვენ თუ ხართ ვინმეს თავდები, თქვენზეც ხდება შემოსავლების დადასტურება, ხოლო შემდეგ თქვენც თუ გადჭირდათ სესხი, აუცილებლად ის თანხა, რა თანხაზეც თავდებში ხართ, თქვენი სესხის ლიმიტში იქნება გათვალისწინებული, რაც გზღუდავთ.

შენიშვნა გვქონდა იმაზეც, რომ ნებისმიერი რეგულაცია მსუბუქი თუ მძიმე, ნიშნავს დამატებით ხარჯებს, რეგულაციის ერთ-ერთი ნაწილი იყო ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე ზედა ზღვარის დაწესება, რასაც ასევე ვაპროტესტებდით და არც ეს გაითვალისწინეს. ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არ იყო, აქ მთავრობაც აქტიურად ჩაერია. ჩვენი სურვილი სიხარბით და მაღალი მოგების მიღებით არ იყო განპირობებული, არამედ მსოფლიო პრაქტიკაა ასეთი, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ოპერირებენ უფრო მაღალ რისკ გარემოში, რადგან უფრო მცირე სესხებზე მუშაობენ ბანკებთან შედარებით, აქედან გამომდინარე უფრო მსუბუქი რეგულაციის ქვეშ არიან, ვიდრე ბანკები, ჩვენთან კი მოხდა ისე, რომ აღმოვჩნდით იგივე წნეხის ქვეშ რეგულაციების, როგორიც აქვთ ბანკებს, თუმცა, შესაძლებლობები არ გვაქვს იმდენი, როგორც მათ, ამიტომ დისკრიმინაციულ სიტუაციაში ვიმყოფებით, იმდენად რამდენადაც, ბანკებთან კონკურენცია რთულდება. მსხვილი კომერციული ბანკების კონცენტრაციის პირობებში, გაგვიჭირდება კონკურცენცია და 10-15 000 ლარს ზემოთ თანხები მთლიანად გადავა მათ სექტორში. ამდენად, გარკვეული პრობლემები იქმნება, მაგრამ ამ რეგულაციების თანმდევი პროცესი უნდა იყოს, რაზეც სებ-თან გვქონდა საუბარი, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიეცეთ წვდომა პირდაპირ ეროვნული ბანკიდან მიიღონ რეფინანსირების განაკვეთში ლარის რესურსი, ამაზე იყო სიტყვიერი პირობა დაფიქსირებული,” – აღნიშნავს ბესიკ შენგელია.

ის, რასაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაციაში ნაკლებ პრობლემურად მიიჩნევდნენ, სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა გარკვეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. “ფორტუნა” შეეცადა ონლაინ სესხების ასოციაციის ყოფილ წევრებს დაკავშირებოდა. ასოციაცია ფუნქციური დიდი ხანია აღარ არის, ტელეფონის ნომერზე კი, რომელიც ასოციაციის საკონტაქტოდ არის მითითებული, გვითხრეს, რომ ასოციაციაში შემავალი ორგანიზაციების დიდი ნაწილი ბაზრიდან უკვე გასულია.

სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის პრობლემაზე, განვადებებისა და მცირე სესხების გაცემის შემცირებაზე საუბრობენ საბანკო ასოციაციაშიც. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე “ფორტუნასთან” განმარტავს, საკრედიტო პორტფელის მთლიანი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება სხვა წლებთან შედარებით, მაგრამ ზრდის ტემპი 12 თვიან შუალედში უკვე შემცირებულია. როგორც ძნელაძე აღნიშნავს, ჯერჯერობით კატასტროფულ ვითარებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, არც ოპტიმიზის შენარჩუნების საფუძველი გვაქვს.

მიკროდონეზე ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები უკვე წარმოიშვა სამომხმარებლო მიმართულებით, მათ შორის იპოთეკური სესების მიმართულებით, თუმცა, მხოლოდ იანვარი და თებერვალი ვერ გამოკვეთს ტენდენციას, მარტში დავინახავთ გარკვეულ ნიშნულებს, რომლის მაჩვენებლებიც ჯერ არ გვაქვს. უნდა ვნახოთ, რამდენად გარდამტეხი იყო მარტის თვე და რამდენად მოიმატა აქტივობამ ბაზარზე, მაგრამ რეალურად ასეთი მასშტაბის საკრედიტო რეგულაციების სრული ეფექტი აისახება ხოლმე დაახლოებით 1 წელში. მაისის რეგულაციების ეფექტი პრაქტიკულად უკვე აისახა სამომხმარებლო სესხებზე. შემდეგი აისახება მცირე საწარმოებზე და აისახება მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებზე, რომლის ეფექტსაც ამ წლის განმავლობაში ვნახავთ,” – ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

 

აკრძალვა მოთხოვნას ვერ ამცირებს

რაც უფრო მცირდება სესხებზე ხელმისაწვდომობა, მით მეტად იზრდება პროცესების არალეგალურ სექტორში გადანაცვლების რისკები. გიორგი კეპულძე მიიჩნევს, რომ აკრძალვის პარალელურად, სესხებზე მოთხოვნა არ მცირდება, რისკების დაზღვევისთვის კი, რეგულაციების გადახედვაა საჭირო.

“რა თქმა უნდა, ჩნდება რისკი, რომ მათ მიმართონ კერძო მევახშეებს. მევახშეების სეგმენტი პრაქტიკულად უკონტროლოა. ერთადერთი რეგულაცია, რაც ეხებათ, 20-ზე მეტ ადამიანზე არ უნდა გაასესხონ თანხა და თუ გაასესხებენ, უნდა დარეგისტრირდნენ სესხის გამცემ სუბიექტად, თუმცა, ამ რეგულაციის ადმინისტრირება გართულებულია და კონტროლი ვერ ხორციელდება. “საზოგადოება და ბანკებმა” არა ერთხელ გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ უძრავი ქონების ძალიან დიდ ნაწილს ესაკუთრებიან სწორედ კერძო მევახშეები, ნახევარზე მეტს, ანუ, ორჯერ მეტს, ვიდრე კომერციული ბანკები და თითქმის იმდენივეს, რამდენსაც კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსოები ერთად. შესაბამისად, ეს სეგმენტი კვლავ რჩება დაურეგულირებლად. 

“ფულზე მოთხოვნა მუდმივად იქნება, მითუმეტეს სწრაფ, მარტივ ფულზე. ეკონომიკის კანონია, როცა არსებობს მოთხოვნა, ჩნდება მიწოდების გზებიც. გამოსავალი ამ შემთხვევაში, რეგულაციების თუ სულ გაუქმება არა, მინუმიმ შერბილებაა, რადგან თუ არ შერბილდება, ამან შეიძლება ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენოს,” – აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

საბანკო ასოციაციში ევროპული ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე რეგულაციების გადახედვის მოლოდინი აქვთ. როგორც ალექსადნრე ძნელაძე ამბობს,  რეგულაციები გადახედვის შესაძლებლობაზე, პრემიერის განცხადებაც მიანიშნებს.

“რეალურად, რომ ვნახოთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, ზოგან რადიკალურად შეიცვალა დაწესებული რეგულაციები, აქედან გამომდინარე, მოლოდინი, რომ ეს რეგულაცია გარკვეულ სახეცვლილებას მიიღებს, ამისი გვაქვს ცალსახად, მაგრამ საით მიიღებს, გამარტივების თუ გამკაცრების მხრივ, ამას ცალსახად ვერ ვიტყვი. თუმცა, პრემიერმა განაცხადა, რომ მზადყოფნა არის, რომ შემსუბუქდეს და გადაიხედოს, ეს მაძლევს მეტ იმედს, რომ შეიძლება გადაიხედოს შემსუბუქების კუთხით,” – განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.