LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აკრძალული” შემოქმედება თუ კონსტიტუციასთან ჰარმონიზაცია – ხელოვანები კანონპროექტის წინააღმდეგ

სასამართლომ შესაძლოა, შემოქმედებითი ნაწარმოებების აკრძალვა შეძლოს. აღნიშნულს ის კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებმა, ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა მოამზადეს. კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია შემოქმედებითი ნაწარმოების გამოქვეყნება თუ ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომს და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

მსგავსი ჩანაწერი კულტურის შესახებ მოქმედ კანონში 1997 წლიდან გაჩნდა, თუმცა ამ დრომდე არ არსებობდა უწყება, ინსტიტუტი, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა, აეკრძალა ნაწარმოების გავრცელება. აქამდე ეს ნორმა უმოქმედო იყო, რადგან აღსრულების მექანიზმი არ ჰქონდა.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამ ცვლილების მიზანია, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან კანონმდებლობის ჰარმონიზება და ეს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა. იურისტები და ხელოვანები კი, ინიციატივაში ცენზურის დაკანონების საფრთხეს ხედავენ. ჯერჯერობით უცნობია, პარლამენტი ცვლილებებს როდის უყრის კენჭს.

ხელოვნების მუშაკების ნაწილი აღნიშნულ კანონპროექტს საბჭოთა ცენზურის მოდელში დაბრუნების სურვილს უწოდებენ. მათი თქმით, ეს ცვლილებები კატეგორიულად მიუღებელია.

ხელოვანი და მხატვარი გია ბუღაძე კანონპროექტის ინიციატივას უდღეურს უწოდებს. ბუღაძის თქმით, კანონპროექტი ხაზს უსვამს მისი ინიციატორების ინტელექტუალურ სისუსტეს და ზნეობრივ მდგომარეობას. თუმცა, მხატვარი ამბობს, რომ ხელოვნებას სწორედ ბარიერების გადალახვა აძლიერებს.

 

„მარტივად გეტყვით, როგორც მათ მიერ მიღებული ბევრი კანონპროექტი, ეს არის უდღეური პროექტი. კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ინტელექტუალურ სისუსტეს, თავი დავანებოთ ზნეობრივ მდგომარეობას. ეს კანონპროექტი ერთ ძალიან კარგ რამეს დაუდებს სათავეს – ხელოვნება ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა მას წინააღმდეგობები ხვდება. თანამედროვე ხელოვნება ცოტა მიძინებული მეჩვენება. აქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, თუ ამ კანონის შემდეგ წინააღმდეგობის სურვილი გაგვიჩნდება, ხელოვანების უმეტესობა, რომელთაც მართლა ხელოვანები ჰქვიათ, შეეცდება, ამ კანონს არ დაუჯეროს. ეს არის ასპროცენტიანი ცენზურა, ამიტომაც ვერ აღსრულდება. ეს არის უაზრო და უსახური ფორმა. იმედი მაქვს, რომ თავისას ბოლომდე ვერ გაიტანენ, თუმცა რა ვიცი, რას გაიგებ ამ ქვეყანაში?! გასაოცარი რაღაცეები ხდება,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ გია ბუღაძე.

 

კიდევ ერთი მხატვარი, ირაკლი ჩიქოვანი ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის მხრიდან პირდაპირი მითითებაა იმაზე, თუ რა უნდა შექმნან ხელოვანებმა. ჩიქოვანი ამბობს, რომ მსგავსი ცენზურა საბჭოთა კავშირისდროინელ ეპოქას აცოცხლებს.

„ასეთი კანონები თავში შეიძლება, ირანში მოუვიდეთ – იქ, სადაც ადამიანის არსებობაც კი თითქმის ცენზურის ქვეშ დგას. როგორ შეიძლება ხელოვანს აუკრძალო რა დახატოს, დაწეროს ან შექმნას?! ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი სისულელე და არამცოდნე ადამიანის ინიციატივა. ამ კანონპროექტს ხელოვანები სერიოზულად ვერ აღვიქვამთ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ირაკლი ჩიქოვანი.

 

კანონპროექტის ავტორების, ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მათ მხოლოდ კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციაში მოჰყავთ „კულტურის შესახებ“ კანონი და ცვლილებები ცენზურას ან დამატებით შეზღუდვას არ გულისხმობს.

 

„შემოდის ახალი სასამართლო სტანდარტი. ცვლილებების თანახმად, შემოქმედებითი ნაწარმოებების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

„ქართული ოცნების“ წევრების ნაწილი აცხადებს, რომ კანონპროექტს ჯერ არ გაცნობიან, შესაბამისად, საკითხზე კომენტარის გაკეთება უჭირთ.

 

„ამ კანონპროექტს ჯერ არ ვიცნობ. სიმართლე გითხრათ, ამ საკითხს სხვაგვარად ვუყურებ. თუ ვიღაცეებს წიგნის ყიდვა არ უნდათ, არ იყიდიან, ამიტომ ხელოვნური აკრძალვები საჭირო არ არის. ჩემს ბავშვობაში, კომუნისტების დროს, რაღაც ლიტერატურა აკრძალული იყო ხოლმე და შემდეგ ხდებოდა მისი მოძიება-მოპოვება და ეს უფრო რომანტიკულს ხდიდა ამ მოპოვებას. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ზოგადად, ასეთი აკრძალვების წინააღმდეგი ვარ,“ – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

 

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, კანონი წარმოების აკრძალვაზე არ უნდა იყოს.

 

„მე არ ჩამიხედავს ამ კანონპროექტში, ქვეყანაში არ ვიყავი და ახლა ვერკვევი. რამდენადაც ავტორები ამბობენ, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის კანონი და პირიქით, შემოქმედება არის ცენზურის გარეშე, დაუშვებელია ჩარევა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ აღვივებს შურს და არის პორნოგრაფია. ხშირად შესაძლებელია, მთელი ფილმი სისასტიკეზე იყოს, მაგრამ სისასტიკიდან გამომდინარე, ქადაგებდეს, რა არის სიკეთე,“ – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

 

მმართველი პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ზაზა პაპუაშვილის შეფასებით კი, ხელოვნებაში ცენზურა ცოტა საშიშია. თუმცა, პაპუაშვილი აღნიშნულ ცვლილებებს „საინტერესოს“ უწოდებს. „თუ კანონი რაღაც გარკვეულ ნოვატორულ დიფერენციაციას, რაღაც ჩამონათვალს გაითვალისწინებს, ეს საინტერესი იქნება,“ – ამბობს ზაზა პაპუაშვილი.

რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, არ მიიღონ ეს კანონი, რადგან ის გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ პრობლემას წარმოადგენს 1997 წელს მიღებული კონსტიტუციის ის ნორმა, სადაც საუბარია, რომ შესაძლებელია შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, თუ არ ლახავს სხვათა უფლებებს. იურისტ გიორგი გოცირიძის თქმით, მაშინ ეს დებულება უმოქმედო იყო, რადგან კანონი არ განსაზღვრავდა არცერთ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც შეეძლო, ეს აკრძალვა სისრულეში მოეყვანა.

გოცირიძე აცხადებს, რომ 1997 წლის კონსტიტუციის ამ დებულებას 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებისას დაემატა ის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდებოდა შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვა სხვათა დასაცავად. თუმცა, კონსტიტუცია ზოგადი დოკუმენტია და ახლა, როდესაც ქვემდგომ კანონში დაკონტრეტდება, რომ სასამართლოს ეძლევა სარჩელების განხილვის უფლება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ცენზურა დაწესდება.

კრიტიკული თვალით უყურებს ინიციატივას ოპოზიცია.

 

ქართული ოცნებისხელისუფლება საქართველოში აპირებს იდეოლოგიურ, საკანონმდებლო და სადამსჯელო რეპრესიებს თავისუფალი შემოქმედების, ხელოვნებისა და ლიტერატურის წინააღმდეგ, – ასე აფასებს პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს.

 

ამ კანონონპროექტის მხოლოდ გაჩენაც კი ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნებაარა მარტო ოცნებობს, როგორმე შეზღუდოს და გააკონტროლოს ყველა სფერო, რომელშიც ადამიანის თავისუფლება ვითარდება და გამოიხატება, არამედ უკვე გეგმავს კონკრეტულ საკანონმდებლო ნაბიჯებს, რათა მოიპოვოს ფორმალური უფლება, თავისი სურვილისამებრ შეიჭრას შემოქმედებაში, დაიპყროს და დაიმორჩილოს როგორც ცეკვა, ასევე პოეზია, როგორც გამოხატვის უფლება, ასევე შემოქმედებითი თავისუფლება.

ამ კანონპროექტში დაუფარავად გამოჩნდა, როგორ ცდილობს “ქართული ოცნების” ხელისუფლება შეზღუდოს, დააკნინოს ადამიანის უფლება, იყოს საერო და სასულიერო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, მათდამი სურვილისამებრ კრიტიკული შემოქმედების ავტორი,“ – აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატები“.

 

 

„ევროპული საქართველო“ კი, ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას კანონპროექტის მიღებაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოებისადმი დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალს ემატება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ცვლილებები შეაფერხებს საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებასა და შელახავს მის რეპუტაციას. „ევროპულ საქართველოში“ კანონპროექტს გამოხატვის თავისუფლებაზე „კიდევ ერთ დარტყმას“ უწოდებენ.

 

„დღეს საქართველოს საკანონდებლო ბაზა და კონსტიტუცია ტოვებს სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი ნაწარმოები პირადად ლახავს რომელიმე ადამიანის უფლებას. ახალი კანონპროექტით კი ჩნდება სხვა ჩამონათვალი, სხვა ლეგიტიმური მიზნები, როცა შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. მივმართავთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ კანონპროექტის მიღებაზე, რადგან ეს შეაფერხებს საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და შელახავს მის რეპუტაციას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ცვლილებები მომდევნო პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.

 

თათია კაკიაშვილი