LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკლდამად ქცეული განსასვენებელი, ანუ იდუმალი და მიტოვებული საფლავების ისტორიები (ფოტო-ვიდეო)

2582
სამოთხის კარზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტის მეორე კურსის  სტუდენტმა ეკატერინე გიგაურმა ფინალური გამოცდისთვის თბილისში და მის შემოგარენში უძველესი საფლავები შეისწავლა და გადაიღო. ამ იდუმალი და საინტერესო იდეის განხორციელებაში მას მეგობარი, გურანდა ბენიძე დაეხმარა. გოგონებმა ძიების პროცესში მიტოვებულ საფლავებს შორის აღმოაჩინეს ედუარდ მუნკის მუზის – დაგნი იუელის საფლავის ქვა, ასევე საოცარი ოსტატობით შესრულებული საფლავის ქვა, რომელსაც მესაფლავეებმა „კაკუნი სამოთხის კარზე“ უწოდეს.

რატომ დაინტერესდნენ გოგონები ამ თემით და რა ისტორიის მატარებელია ეს საფლავის ქვები, ამის შესახებ რადიო „ფორტუნა“ სტუდენტებს ესაუბრა.

როგორც ეკატერინე გიგაური ამბობს, ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა ძველი საფლავების ისტორიებით, სტუდენტობისას კი, როდესაც დოკუმენტური ფილმის გადაღება დაევალა, ბევრი არ უფიქრია და სწორედ ეს თემა აირჩია.

„ბავშვობაში დასასვენებლად ჩავდიოდი ცხვარიჭამიაში და იქ ვნახე ადრე ძველი საფლავები, სადაც თავიდან ბოლომდეა ადამიანები გამოხატული და ძალიან ჩამყვა, მერე მეორე კურსზე გავიარე “საარქივო დოკუმენტაციაზე მუშაობა”. იქ გვითხრა ჩვენმა ლექტორმა, თამათ ბელქანიამ, ასეთი საფლავების შესახებ და უფრო დავინტერესდი. ამ სემესტრში კი სხვა საგნის ლექტორმა დაგვავალა ფილმის გადაღება, რომელიც აღდგომის პერიოდს დაემთხვა. საფლავებზე ვიყავით გასულები და ძველ ეპიტაფიებს ვკითხულობდი და მივხდვი, რომ ამაზე უნდა დამეწყო მუშაობა.“

„სოფელ ცხვარიჭამიაში მე-18 საუკუნის ბოლო და მე-19 საუკუნის დასაწყისის საფლავებია, ეს არის სამაროვნების კულტურა, რომლებზეც გამოხატულია ადამიანი თავიდან ფეხებამდე და ასევე აქვთ წარწერები.სიძველის გამო წარწერები ცუდად იკითხება, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ ყველა მიცვალებული შენდობას ითხოვს მნახველისგან. აქ არის როგორც მამაკაცის, ასევე ქალების საფლავის ქვები, ბავშვის საფლავის ქვაც, სადაც იმდენად მეტყველია ოსტატის ხელწერა, რომ ადამიანზე ძალიან ბევრ რამეს ვიგებთ. მათი წარმომავლობის, სოციალური სტატუსის, საქმიანობის, რწმენა-წარმოდგენების შესახებ, რაც ძალიან კარგად გვიჩვენებს ზოგად ქართულ ხასიათს“, – გვიყვება ეკატერინე.

სტუდენტებისთვის საინტერესო ცხვარიჭამიის რამდენიმე საფლავის ქვა აღმოჩნდა. ერთ-ერთის შესახებ გურანდა გვიყვება.

„ეს იყო ქალის საფლავი, რომელსაც ყველა დეტალი ჰქონდა ძალიან ზუსტად გამოკვეთილი, ნაწნავები, კაბაზე ორნამენტები, ძალიან ლამაზი ქალი იყო ქვაზე დახატული და სავარაუდოდ მიცვალებულიც ლამაზი უნდა ყოფილიყო. ცხვარიჭამიის საფლავები გაცილებით ძველი იყო იმ საფლავებისაგან, რაც ფილმში გადავიღეთ, ერთ-ერთ ეპიტაფიაში მოხსენიებული იყო მეფე ირაკლიც, არვიცით შეიძლება ერეკლე მეფის დროინდელიცაა ზუსტად ვერ გეტყვით, დაახლოებით ასეთი საფლავი სასაფლაოზე იყო 6 და დედათა მონასტერში სამი.“

სტუდენტების თქმით, ცხვარიჭამიაში საფლავებზე შავ თავსაფრებს ტოვებენ. როგორც სტუდენტებმა აგვიხსნეს ეს გლოვის ნიშანია.

„ძირითადად დედები აბამენ შვილის საფლავზე ან დები ძმების საფლავზე, უნდა ვივარაუოთ რომ გლოვის ნიშანია.“

სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოებიდან, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საფლავის ქვა „კაკუნი სამოთხის კარზეა“, რომელიც საოცარი ოსტატობით არის შესრულებული.

როგორც გურანადა ბენიძე გვიყვება, ეს საფლავის ქვა 76 წლის მამაკაცს ეკუთვნის, თუმცა ამ მამაკაცის ვინაობა უცნობია.

„საფლავი მიტოვებულია. როგორც მესაფლავეებმა მითხრეს, აქ მხოლოდ ფოტოების გადასაღებად თუ შემოივლიან. გვაქვს ვარაუდი, რომ ეს საფლავი რაიმე ორგანიზაციის წევრს ეკუთვნის, რადგან მსგავსი ქანდაკებები და ის ქვიშის საათი, რაც მასზეა გამოსახული უცხოეთში არსებულ საფლავებსაც აქვს.  სასაფლაოს ადმინისტრაციასა და არქივში გვინდა გავიგოთ ამ ადამიანის შესახებ, თუ ხელი მიგვიწვდება საჭირო დოკუმენტებზე.“

სტუდენტები გვიყვებიან, რომ ყველა საფლავი განსხვავებული და საკუთრი ისტორიის მატარებელია. გურანდა ბენიძის თქმით, ერთ-ერთი საფლავი, რომელიც კუკიაზე გადაიღეს 14 წლის მოზარდს ეკუთვნის.

 

„ეს საფლავის ქვაა, მასზე გამოსახული ანგელოზით, საფლავი ეკუთვნის პირველ კლასელ გოგონას, რომელიც ქალთა ლიცეუმში სწავლობდა, წარწერა რუსულ ენაზე აქვს. საფლავზე წერია თუ როგორ დაამწუხრა მშობლები მისმა სიკვდილმა. აქვეა წარწერა იმაზეც, რომ დედამ ვერ გაუძლო მის სიკვდილს და მალევე გარდაიცვალა.“

სტუდენტებმა კუკიას სასაფლაოზე ასევე აღმოაჩინეს ნორვეგიელი ფერმწერის, ედვარდ მუნკის მუზის, დაგნი იუელის საფლავის ქვაც, რომელიც მესაფლავეებმა საკუთარი სახსრებით გადაარჩინეს. ულამაზესი ნორვეგიელი ქალი 1901 წელს თბილისში, სასტუმროში მოკლეს.

„დაგნის საფლავი კუკიაზეა, პატარა პანთეონია შესასვლელში და იქ არის დასვენებული. როგორც ვიცი ნორვეგიელი ტურისტები ხშირად მოდიან დაგნის საფლავზე და მოაქვთ ყვავილები. დაგნის საფლავი, როგორც ვიცი გახსნეს და ამ ეტაპზე მისი ცხედარი აქ არის დაკრძალული თუ მის სამშობლოში არ ვიცი. დაგნის საფლავი რადგან პანთეონშია მოვლილია, ამით ტურისტებთან ნამდვილად არ შევრცხვებით, თუმცა თუ სასაფლაოს დათვალიერებას დაიწყებენ, ნამდვილად არ დარჩერბათ კარგი წარმოდგენა იმაზე, თუ რა პატივს მივაგებთ გარდაცვლილებს“, – გვეუბნება გურანდა.

სტუდენტები ყვებიან, რომ სასაფლაოები ძალიან მოუვლელი და დაბინძურებულია.

„ყველა საფლავი, გარდა კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის ამგებისა არის მოუვლელი, მეტსაც გეტყვით, სავსეა შპრიცებით. როცა ვწმენდით  გროვებად ეყარა შპრიცები და არა მხოლოდ საფლავებზე, არამედ გზაზეც. აკლდამა, რომელიც გამოვაქვეყნე ტვალეტადაა ქცეული, ანტისანიტარიაა, შეუძლებელია ადამიანი მიუახლოვდეს აკლდამას“, – ამბობს გურანდა.

კუკიას სასაფლაოზე ასევე არის სასულიერო პირის ოჯახის საფლავი, ილია ბერიძის, რომელმაც წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია ააშენა.

„აქ დაკრძალულია ილია ბერიძე, ამშენებელი წმინდა ნინოს ეკლესიისა, იმ დროინდელ თბილისში ეს იყო ერთადერთი ეკლესია, რომელიც წმინდა ნინოს სახელობისა იყო. აქვე დაკრძალულია ჩვილი, ეპიტაფია აქვს სულისშემძვრელი. ეს ჩვილიც, ამ ოჯახის წევრი იყო, ვიზუალურადაც საფლავს ეტყობა რომ სასულიერო პირისაა.“

“ეს ბერძნულ-რომაული სტილის აკლდამაა, რომელიც 1943 წელს გარდაცვლილ დავით ვაშაკიძეს ეკუთვნის. მის ასაგებად დედას სახლის გაყიდვაც კი მოუხდა. დედა აკლდამაში გადმოსახლდა და ყოველდღე ბალზამირებას უკეთებდა მიცვალებულს. აკლდამის კედელზე გამოსახულია დაჭრილი ჯარისკაცი. წარწერების მიხედვით, გარდაცვალების შემდეგ დედა ჯარისკაცის გულზე დაასვენეს და აკლდამა მიწით ამოავსეს.”

სტუდენტებმა დოკუმენტური ფილმისთვის 14 საფლავი გადაიღეს, როგორც ისინი ამბობენ ამ საქმიანობის გაგრძელებას აპირებენ. მათ თქმით, იმდენად დიდი ისტორიის და კულტურის მატარებელია ბევრი საფლავის ქვა, რომ მას სათანადო ყურადღება უნდა მიეპყროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები