LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლობლის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას ფეხის თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული

73

ბიძინა კუჭავას ნათესავის მამუკა კუჭავას ინფორმაციით, არც ის და არც ოჯახის წევრები არ იცნობდნენ იმ პირებს, ვისთან ერთადაც გარდაცვალების დროს ბიძინა კუჭავა ავტომობილში იმყოფებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მამუკა კუჭავამ ბიძინა კუჭავას სახლთან, მიცკევიჩის ქუჩაზე განუცხადა. მამუკა კუჭავას ინფორმაციით, ეს პირები გამოძიებამ უკვე დაკითხა, თუმცა ოჯახს მათთან კონტაქტი არ ჰქონია.

“ოჯახის წევრები არ ვიცნობდით თუ ვისთან ერთად იყო ის ავტომობილში მკვლელობის დროს. ავტომობილიც მათი იყო სავარაუდოდ და საჭესთანაც მეპატრონე იჯდა და არა ბიძინა. ისინი დაკითხვაზე ჰყავდათ და ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონდა მათთან”, – განაცხადა მამუკა კუჭავამ.

მისივე ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას თავში აქვს ერთი გასროლა, ასევე სხეულს აღენიშნება სხვა დაზიანებებიც. როგორც მამუკა კუჭავა აცხადებს, ბიძინა კუჭავას ფეხის თითი აქვს მოჭრილი. სწორედ ეს იწვევს, მისი ვარაუდით, გამოძიების ვერსიაში მთავარ უნდობლობას.

“ნატყვიარი რამდენი აქვს, არ ვიცი ზუსტად. თუმცა როგორც ვიცი, თავში ერთი გასროლა აქვს. რაც შეეხება დაზიანებებს, მას ფეხის თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული. გამოძიების ვერსიაში მთავარ უნდობლობას ის იწვევს, რომ ადამიანს ფეხი აქვს დაზიანებული და ამ კაცმა შემდეგ სიარული მოახერხოს, მანქანაში ჩაჯდეს, წავიდეს და თავი მოიკლას”, – განაცხადა მამუკა კუჭავამ და ბიძინა კუჭავას გარდაცვალების დღეს სახლიდან გასვლის დეტალები გაიხსენა.
“გარდაცვალების დღეს, როდესაც საღამოს 10 საათზე გავიდა, ბიძინა კუჭავამ თქვა, რომ შეხვედრაზე მიდიოდა. თქვა, რომ საქმიანი შეხვედრა უნდა ჰქონოდა”, – განაცხადა მამუკა კუჭავამ.

მისი ინფორმაციით, ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია დაქირავებული ბინის შესახებ. მამუკა კუჭავა ასევე გამორიცხავს ბიძინა კუჭავას გარდაცვალების რაიმე სახით დაკავშირებას ტელეკომპანიის საკითხთან.

“ქირიასთან რაიმე სახის ბიზნესდავაზე საუბარი ზედმეტია. ტელეკომპანია ჩვენ 2006 წელს ჩამოგვართვეს და დავა სასამართლოშია. ტელერადიო დავა გამორიცხეთ, ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს გარდაცვალებას”, – განაცხადა მამუკა კუჭავამ.

წყარო “ინტერპრესნიუსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები