სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, დაკავებული სოსო გოგაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს.
გოგაშვილი სოციალურ ქსელში ასევე წერს, რომ დღეს მისი მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც თავადაც დაესწრება:
„ვუსამძიმრებ საქართველოს რაშისტებთან 30 წლიან ომში 6 ვაჟკაცის გმირულად დაღუპვის გამო. მწამს, რომ მათი მსხვერპლი შედეგს გამოიღებს, უკრაინა გაიმარჯვებს, ტერორისტები დამარცხდებიან და საქართველოც მოიპოვებს თავისუფლებას.
ჩემო მეგობრებო, მოგიკითხავთ ტყვეობიდან, თქვენც გისურვებთ მალე გათავისუფლებას. ახლა ციხეში და გარეთ ყოფნას ერთი ფასი აქვს, რადგან თავისუფლება გარეთ პირობითია, რომელიც შეუმჩნევლად დავკარგეთ და შევეგუეთ.
7 დეკემბერს არის ჩემი „სასამართლო“ პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო, მიუხედავად რისკებისა და ჩემი ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობისა. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ რაიმე ფორმით კანონის დარღვევას. ბუნებრივია, ჩემი გადაადგილების უსაფრთხოებაზე მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება რატი ბრეგაძეს.
ჩემი სამაგალითოდ დასჯა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს, მაგრამ ნაჯახით მუშაობამ ბევრი შეცდომა დააშვებინა საქმის გაყალბებისა და ჩადების პროცესში, რასაც ჩვენ პროცესებზე გამოვააშკარავებთ, მიუხედავად წინასწარ დაწერილი განაჩენისა.
ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ სისხლიანი ცხრა წლის ხსენებით ახერხებენ მაშინ, როდესაც ამ რეჟიმის დროინდელი ყველა ბინძური ზონდერი, ჩამდები და გამყალბებელი ოცნებაში გადაბარგდა, რაც კარგად ეხერხებათ ისევ იმას აკეთებენ, ახლა ლურჯად შეიღებნენ. შევხვდებით მალე, ვნახოთ რა გამოვა“, – წერს სოსო გოგაშვილის სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურის განცხადებით, სოსო გოგაშვილი ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბრალდებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო მასალები შეინახა საკუთარ სახლში, რითაც შექმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე, ხოლო ინფორმაციის ნაწილი – პერსონალური მონაცემები მისი მონაწილეობით გავრცელდა საჯარო სივრცეში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მოგვიანებით გოგაშვილს დამატებით ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.
გოგაშვილი მურუსიძეს: „ჩემო მურუს, ახლა შენ ამას თუ გინდა მუქარა დაარქვი, მე მხილებას ვეძახი“