წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ ჟურნალისტებს განუცხადა რომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე მსოფლიო პატრიარქის დადგენილება იანვარში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც საქართველოს ეკლესია თავის პოზიციას დააფიქსირებს.
წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში უკვე დასრულდა. ის ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს სხდომაზე. საპატრიარქო უკვე დატოვა მიტროპოლიტმა ზოსიმემ. მეუფემ მხოლოდ იმ კითხვას უპასუხა, რაც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს ეხებოდა.
“მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და შემდეგ საქართველოს ეკლესია მოახდენს რეაგირებას. ახლა ჩვენ თავი შევიკავეთ,” – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.
კითხვაზე, უჭერენ თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფემ განაცხადა: “საქართველოს ეკლესია უჭერს მხარს”.
ჯერჯერობით ასევე უცნობია, თუ როდის გამოქვეყნდება დღევანდელი სინოდის კრების ოქმი.