ახალქალაქში 19 წლის ჯარისკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მისი გარდაცვალების მიზეზი საეჭვოა. ამის გამო გუშინვე, სამცხე-ჯავახეთის ექსპერტიზის ბიუროსთან, ნინოწმინდის სოფელ ფოკის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ და 19 წლის სარქის სააკიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 19 წლის მამაკაცი ახალქალაქის სამხედრო ნაწილში მსახურობდა. 11 ნოემბერს მას კუჭის წყლულის ოპერაცია ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გაუკეთდა, ოჯახს კი მეორე დღეს შეატყობინეს.
გამოცემის ინფორმაციით, სარქის სააკიანი 16 ნოემბერს გაწერეს, მაგრამ კლინიკამ მეორე დღესვე მოითხოვა პაციენტის უკან დაბრუნება. გუშინ კი, დაახლოებით 13:30 საათისთვის ოჯახს დაურეკეს, რომ ჯარისკაცი გარდაიცვალა. სოფელ ფოკის მოსახლეობა საქმის გამოძიებას ითხოვს.
თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს უფროსის, ამირან ნოზაძის განცხადებით, სარქის სააკიანის გარდაცვალებას გამოძიება დაადგენს.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ექსპერტ დავით მერაბიშვილის თქმით, გვამს ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აქვს, სიკვდილის მიზეზი კი ცნობილი, ერთ თვეში გახდება.