“მოზრდილი მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი. წლის ბოლომდე 60% უნდა იყოს აცრილი, რომ წლევანდელი ახალი წელი შედარებით ნორმალური იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის. თუმცა, 60%-იც აღარ არის საკმარისი, “დელტა” ისეთი ვერაგული აღმოჩნდა.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობით, დღევანდელი მდგომარეობით, კმაყოფილები არ არიან და 16 სექტემბრიდან აცრის მაჩვენებელმა ქვეყანაში თანდათან იკლო:
“რაც შეეხება ვაქცინაციის დღევანდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ჩვენ კმაყოფილი არ ვართ, რადგან აგვისტო გვქონდა კარგი, დღეში 23 000 აცრა გვქონდა, მთლიანად აგვისტოში 715 000 აცრა ჩატარდა, სექტემბრის 16 რიცხვამდე მოვდიოდით კარგი მაჩვენებლით, დღეში 24 000 აცრა გვქონდა, ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო, ვიდრე აგვისტოში, ანუ ავსულიყავით სადღაც, 800 000-900 000-ზე და ვოცნებობდით მილიონზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ გამოდის.
16 სექტემბრიდან აცრის მაჩვენებელი ქვეყანაში თანდათან იკლებს, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ მოსახლეობას კომუნიკაციას ვაკლებთ, ანუ მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმაცია და ადგილზე, თითოეულ დასახლებულ პუნქტში მივიდეთ და დავარწმუნოთ, რომ ეს არის დიდი სიკეთე. ჩვენ თუ აცრილი ვართ, მეტად ვართ დაცული, აქედან გამომდინარე, ყველა ტელევიზიამ დღეში რამდენჯერმე უნდა ილაპარაკოს, თითოეული რეკლამა უნდა ეძღვნებოდეს აცრას.
მოზრდილი მოსახლეობის 26% გვყავს აცრილი, წლის ბოლომდე უნდა იყოს აცრილი 60%, რომ წლევანდელი ახალი წელი შედარებით ნორმალური იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის. თუმცა, 60%-იც აღარ არის საკმარისი, “დელტა” ისეთი ვერაგული აღმოჩნდა, რომ აუცილებელია უფრო მეტი იყოს.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
24 სექტემბრის მონაცემებით:
სულ ჩატარებულია 1 715 073 აცრა.
სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 963 663 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.9%-ია.
სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 26.3%-ია.
23 სექტემბერს აიცრა 12 778 ადამიანი.