LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შესაძლებლობა ქართული სტარტაპებისთვის – „საქართველო იქნება რეგიონული ჰაბი სტარტაპ ეკოსისტემის წასახალისებლად“

68
296353897_360688879585437_6219104701483771869_n

„საქართველოში პროფესიონალი და გამოცდილი აქსელერატორის მონაწილეობით ადგილობრივ სტარტაპ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, იყვნენ უფრო წარმატებული და კონკურენტუნარიანი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ აქსელერაციის პროგრამა 4 წლის განმავლობაში გაგრძელდეს, რაც გულისხმობს აქსელერაციის ეტაპზე გადასული სტარტაპების 8 ეტაპად მომზადებას, მათ შორის საერთაშორისო სტარტაპერების” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ს შორის კონტრაქტის გაფორმების შემდეგ განაცხადა. კონტრაქტის მიხედვით, 500 Global ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს.

„ორი წლის წინ, საქართველოში დავიწყეთ ძალიან წარმატებული პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი აქსელერატორის შემოყვანით – 28 სტარტაპი მომზადდა ისე, რომ მათ მოახერხეს 212%-იანი ზრდა, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის ღირებულების შექმნა, მრავალმილიონიანი ინვესტიციების მოზიდვა და საბოლოოდ, საქართველოში ინოვაციების სფეროში წარმატებული კომპანიები შეიქმნა. ჩვენ მიზანიც სწორედ ეს არის და ამიტომ, გადავწყვიტეთ, აქსელერაციის პროგრამა 4 წლის განმავლობაში გაგრძელდეს”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, რომელიც დემო დღით დასრულდება. დამატებით, ყოველი კოჰორტის გამარჯვებული სტარტაპი, 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

„ამ პროგრამაში ჩვენ გვყავს პარტნიორები „საქართველოს ბანკის” სახით, რომელიც ასევე 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს სახელმწიფოსთან ერთად. საქართველოში 500 Global-ის შემოსვლით, ჩვენ მივიღეთ ის, რომ საქართველო იქნება რეგიონული ჰაბი სტარტაპ ეკოსისტემის წასახალისებლად, დასახმარებლად და მათ შორის დასაფინანსებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი აუცილებლად გამოიწვევს ინვესტორთა დაინტერესებას, შეიქმნება ვენჩურული კაპიტალის ფონდები. ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილებებით საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის როლი, კიდევ უფრო იზრდება”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, 2020-2021 წლის განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან ოთხი სტარტაპი – CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs – სილიკონის ველზე გაემგზავრა პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის, რაც ახალი კონტაქტების დამყარების და ინვესტორებთან დაკავშირების აქტივობებს მოიცავდა.

500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში, და ინდოეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები