LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი რეალობა დამტკიცდა: დისტანციური სწავლების შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

417
0r6pqgud29-a4-710x444

პარლამენტმა დღეს საგაზაფხულო სესიის სხდომაზე დისტანციური სწავლების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონებში შედის. ცვლილების თანახმად, განისაზღვრება ტერმინი – დისტანციური სწავლება.

კანონპროექტით დისტანციურ სწავლებაში მოიაზრება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული განათლების მისაღებად და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის დასაძლევად ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას მოსწავლის ან სტუდენტის ერთდროულად ყოფნას.

ცვლილებების პროექტის თანახმად, დისტანციური სწავლების განხორციელების მიზნით, თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს სწავლების აპლიკაციის შერჩევას და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა.

საკანონმდებლო ცვლილებებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის უფლებამოსილებებს ემატება ჩანაწერი, რომ იგი ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლების, აგრეთვე ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის თაობაზე, რითაც მიღწეული იქნება სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზანი.

კანონი მიღებულია, საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დისტანციური სწავლების ფორმით წარმართვის წესსაც მინისტრი დაამტკიცებს.