თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი მახათას მთაზე განთავსდება.
როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიაში განუცხადეს, პანთეონისთვის 17 ათას 188 კვ/მ ტერიტორია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარედ გამოიყო.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზონის ცვლილების სამუშაოები. თბილისის საკრებულომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს სასაფლაოს სტატუსი უნდა მიანიჭოს. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ტერიტორია პანთეონად დაფუძნდება. ამის შემდეგ მიწის ნაკვეთზე საპროექტო სამუშაოები დაიწყება.
ახალი პანთეონის აშენება მერიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დიდუბის პანთეონი დაიხურა.