LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი გადასახადი ტურისტებისთვის – კანონი 1 ივნისიდან ამოქმედდება

2983
Majorca-tourist-tax-848860

იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც ტურისტებს მათ ტერიტორიაზე შესვლისთვის, ან დატოვებისთვის გარკვეული გადასახადი დაუწესეს, მალე მალაიზიაც შეუერთდება.

2019 წლის 1 ივნისიდან, აღნიშნულ ქვეყანაში ტურისტული გადასახადი ამოქმედდება, რომელიც 4 ან 9 ევროს შეადგენს. აღნიშნული თანხის გადახდა ტურისტს მალაიზიის დატოვების დროს მოუწევს.

რაც შეეხება საკითხს, 4 ევროს გადახდა მოუწევს ტურისტს, თუ 9 ევროსი, დამოკიდებულია იმაზე, სად მიემგზავრება ის. ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ მათ, ვინც აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მიდიან. მოგზაურებს კი, რომლებიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან არ „გაუმართლათ“, რადგან მალაიზიის დატოვებისას 9 ევროს გადაიხდიან.

ახალი ტურისტული გადასახადის დაწესების მიმართ მალაიზიის მთავრობა ოპტიმისტურად არის განწყობილი. როგორც ქვეყნის ტურიზმის, ხელოვნების და კულტურის მინისტრმა დათუკი მოჰამედინ კეპაპიმ განაცხადა, მსგავსი გადასახადი მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აქვს დაწესებული ტურისტებისთვის და ეს ტურიზმის ინდუსტრიაზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. მინიტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადასახადი მალაიზიაში ტურისტების შემცირებას არ გამოიწვევს.

შეგახსენებთ, ტურისტებს უკვე გაუძვირდათ ვიზიტი ბალიზე. ადგილობრივმა მთავრობამ საერთაშორისო მოგზაურებისთვის სპეციალური კანონი შეიმუშავა, სწორედ აღნიშნული კანონი განსაზღვრავს დამატებით გადასახადს ტურისტებისთვის. კანონის მიხედვით, კუნძულ ბალიზე ჩასულ თითოეულო უცხოელ სტუმარს 10 დოლარის გადახდა მოუწევს.

დაახლოებით მსგავსი რეგულაცია იაპონიამაც დააწესა. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის 7 იანვრიდან იაპონიაში ქვეყნის დატოვებისთვის გადასახადი დაწესდა, რომლის გადახდაც იაპონიის მოქალაქეებსა და უცხოელებს ქვეყნის საზღვაო, ან საჰაერო გზით დატოვების შემთხვევაში მოუწევთ. გადასახადის ოდენობა 9 დოლარამდეა.

ტურისტებს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ იტალიის ქალაქ ვენეციაში შესასვლელადაც. ახალი რეგულაციის დაწესებას იტალიის 2019 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს. ქალაქში შესასვლელი ბილეთი 2,5 ევროდან 10 ევრომდე ეღირება. ბილეთის ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ სეზონზე შევა ტურისტი ქალაქში. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ტურისტს ერთი დღის გატარებისთვის 10 ევროს გადახდა მოუწევს, სხვა სეზონზე კი ფასი 2,5 ევროდან 5 ევრომდე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები