საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დაახლოებით 50 შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი ძირითადად არის ბრიტანული შტამი, თუმცა დღეს არსებული ვაქცინები აღნიშნულ შტამებსაც ფარავენ:
“ქვეყანაში გვაქვს, დაახლოებით, 50-მდე დადასტურებული ახალი შტამის შემთხვევა. ძირითადად, ეს გახლავთ “ბრიტანული შტამი”, ის ევროპაში ვრცელდება, მას აქვს საკმაოდ ფართო გავრცელება და ალბათ ჩვენთანაც, რა თქმა უნდა, იქნება მაგრამ როგორც კვლევები აჩვენებს, დღევანდელი ის ვაქცინები, რაც ადმინისტრირდება, ფარავენ ამ შტამს.” – განაცხადა გამყრელიძემ.
მან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების გარკვეული ტენდენცია გაჩნდა:
“ბოლო დღეებში გაჩნდა გარკვეული ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუარესებისკენ. მე არ ვიტყვი, რომ ნახტომისებური ზრდა გვაქვს, მაგრამ დღეს 21 000 ტესტზე არის 528 ახალი შემთხვევა, რამაც დადებითობის მაჩვენებელი აიყვანა 2.53-ზე მთლიანად ქვეყანაში. თუმცა 7 და 14-დღიან დადებითობის მაჩვენებელში გვაქვს სტაბილური.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და ასეევ დასძინა, რომ პოზიტიურია დღეს სიკვდილიანობასთან დაკავშირებული დინამიკა: “დღეს არის 4 გარდაცვალება, რაც არის ყველაზე მცირე ნოემბრიდან დღემდე”.
გამყრელიძემ ისაუბრა იმ რეკომენდაციების დაცვასა და მკაცრ კონტროლზე, რაც პირბადეს, დისტანციასა და შეკრებებს უკავშირდება და აღნიშნა, რომ თუ მარტს და აპრილს, დაახლოებით, ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით, დიდი ალბათობით, მესამე ტალრას ავცდებით:
“თუ ჩვენ, დაახლოებით, ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტს და აპრილს, მაშინ, დიდი ალბათობით, ავცდებით მესამე ტალღას. თუ ჩვენ ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია გვექნება, მაშინ მოგვიწევს გარკვეული გამკაცრებები.
პირველ რიგში, უნდა გამკაცრდეს აღსრულებაზე კონტროლი, ის, რაც დაწესებულია და შემდეგ ვიფიქროთ სხვა საკითხებზე.” – აღნიშნა გამყრელიძემ.
ბოლოს კი რეინფიცირების შემთხვევებზე ისაუბრა და თქვა, რომ რამდენიმე ადამიანის კვლევა მიმდინარეობს და საბოლოოდ დადასტურებული არ არის. მისი განმარტებით, მატება იქნება, თუმცა რთულია თქმა, რამდენი იქნება, ეს არ იქნება ათობით, მაგრამ რამდენიმე ერთეული დაემატება.