რვა ორგანული ნივთიერება, რომელიც ახალი ავტომობილისთვის ჩვეულ სუნს წარმოქმნის, ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენის მოხდენის გამო აიკრძალება.
როგორც გამოცემა Autocar იუწყება, ავტომწარმოებლებისთვის წესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამკაცრებენ. ახალ ავტომობილებში ორგანული ნაერთები აღარ უნდა გამოიყენონ. საუბარია აზოტზე, აკროლეინზე, ბენზოლზე, ეთილბენზოლზე, ფორმალდეჰიდზე და ა.შ. ამ არომატების კოქტეილს თვალების გაღიზიანება, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება და სხვა ბევრი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ეს ნაერთები მარტივად არ ქრება და მათ ასაორთქლებლად მზის სხივების ზემოქმედებაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ პრობლემაზე საუბარი სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტრომ დაიწყო. მათ ასობით ავტომფლობელი გამოკითხეს და დაადგინეს, რომ ახალი ავტომობილები ბევრ გართულებასთანაა დაკავშირბეული. გამოკითხულთა ნაწილს ალერგია და სისუსტე სწორედ სალონში არსებული სუნის გამო დაეწყო.
სწორედ ამიტომ შემუშავდა ახალი რეკომენდაცია, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა და ყველა ავტომწარმოებლისთვის სავალდებულო გახდება.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ამ საკითხს ჯერ კიდევ 2014 წლიდან იკვლევს და უახლოს მომავალში საკუთარ კანონსაც გამოუშვებს.