LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგორში დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საკუთარ სახლებში იმყოფებიან და ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევენ

65

ახალგორში დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საკუთარ სახლებში იმყოფებიან და ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევენ, – ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებზე გამოძიება ტერორიზმის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

“ნამდვილად ვიცი, რომ ისინი ჯანმრთელად არიან, თავიანთ სახლებში იმყოფებიან მშობლებთან ერთად, ოღონდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როდის გადმოვლენ, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. როგორც ოსური მხარე აცხადებს, მიმდინარეობს გამოძიება ტერორიზმის ბრალდებით ამ პირების მიმართ და ვიდრე გამოძიება არ დამთავრდება, არ აძლევენ გადმოსვლის საშუალებას. რა თქმა უნდა ამ ადამიანების მხრიდან არანაირი ტერორიზმის მცდელობა, სურვილი და გაფიქრებაც კი არ ყოფილა. ეს არის მოგონილი. ისინი დაკავებულები არ არიან, თუმცა არიან თავიანთ სახლებში მეთვალყურეობის ქვეშ, დოკუმენტების გარეშე და ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების საშუალებას არ აძლევენ. არც ტელეფონით სარგებლობის უფლება აქვთ და ვერ ხორციელდება მათთან კონტაქტი, თუმცა ნათესავების მეშვეობით ვიცით, რომ კარგად არიან“, – განაცხადა გამგებელმა.

ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, „არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ“.

მისივე განცხადებით, მოლოდინი არის ყველას მხრიდან ისეთი, რომ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. “სამწუხაროდ, ჯერჯერობით რამე კონკრეტული ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ველოდებით ყოველ წუთს. მე ვფიქრობ, რომ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ. მიმაჩნია, რომ ძალიან ქმედითი ნაბიჯები იდგმება, რათა დროულად გადაწყდეს პრობლემა“, – აღნიშნა თინიკაშვილმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.