ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურმა კომიტეტმა საქართველოს თანაავტორობით შემუშავებული ანგარიში დაამტკიცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტმა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში ახალგაზრდების უმუშევრობის შემცირების თაობაზე იმსჯელა.
”დოკუმენტში ევროპის ქვეყნებში დღეისათვის არსებული მდგომარეობაა ასახული. ეკონომიკურმა კრიზისმა უმუშევრობის დონის ზოგად მატებასთან ერთად, ახალგაზრდობის უმუშევრობის ზრდაც გამოიწვია, რაც განსაკუთრებით საგრძნობია განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში. მაღალი უმუშევრობის დონე და რთული სოციალური მდგომარეობა ახალგაზრდებს აიძულებს განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობები საზღვარგარეთ ეძებონ. პარტნიორებმა ახალგაზრდების უმუშევრობისა და შრომითი მიგრაციის შესამცირებლად ეფექტურ პოლიტიკურ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ამ გამოწვევების დაძლევის მიზნით, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მზაობა გამოიხატა”, – ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში.
რეზოლუციის პროექტი, რომლის თანაავტორები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე და ევროპარლამენტარი იაკუბ დალუნდე არიან, საბოლოო დამტკიცებისთვის პლენარულ სხდომაზე იქნება წარდგენილი.