LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდების 62%-ს ფინანსურად მშობლები ეხმარებიან

93

ქართველი ახალგაზრდების 62%-ს ფინანსურად მშობლები ეხმარებიან. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირადი შემოსავალი უფრო ხელმისაწვდომია თბილისში, სადაც რესპონდენტების 35% აცხადებს, რომ აქვს პირადი შემოსავალი. სხვა ქალაქებში პირადი შემოსავალი აქვს ახალგაზრდების 27%-ს, ხოლო სოფლად ყოველ მეხუთე ახალგაზრდას.

ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი ფინანსურ ავტონომიურობასთან  ასაკს ჰქონდა. ასაკის ზრდის პარალელურად, იკლებს მშობლებზე ფინანსური დამოკიდებულების მაჩვენებელიც (14-18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში რესპონდენტების 96% ფინანსურად დამოკიდებულია მშობლებზე; 19-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში – 64%, ხოლო 25-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში – 35%).

ხარჯების დიდი წილი მოდის მიმდინარე კრედიტების დაფარვაზე. ახალგაზრდების 20% იხდის მიმდინარე კრედიტს, რომლის საშუალო თვიური ხარჯი 190 ლარს შეადგენს. ხარჯები განსაკუთრებით მაღალია თბილისის გარდა სხვა ქალაქებში მცხოვრები რესპონდენტებისთვის. სიდიდით მეორე ხარჯი – საშუალოდ 110 ლარი თვეში მოდის მოგზაურობაზე, ხოლო ტანსაცმლის და ფეხსაცმლის საყიდლად და სიგარეტისთვის ყველა კატეგორიის ხარჯი თვეში საშუალოდ 80 ლარია.

ახალგაზრდები გართობაზე თვეში საშუალოდ 60 ლარს ხარჯავენ და ეს ხარჯი მოიცავს, როგორც კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას, ასევე მეგობრების შეკრებებსაც, ხოლო მათი ყოველდღიური გადაადგილების სატრანსპორტო ხარჯი თვეში დაახლოებით 55 ლარია. სახლის გარეთ კვებას ასევე საგულისხმო წილი აქვს ხარჯებში და თვეში საშუალოდ 42 ლარს შეადგენს. წიგნების შესაძენად, მობილურისა და სილამაზის სალონის ხარჯებისთვის ახალგაზრდები თავიანთი ბიუჯეტის ყველაზე მცირე წილს ხარჯავენ.