2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა გორში, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და უშანსოდ წააგო – 0:3.
პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ანგარიშის გახსნის საშუალება ჩვენებსაც ჰქონდათ, თუმცა გიორგი ბერიძემ შანსის გამოყენება ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმი საქართველომ აქტიურად დაიწყო, მაგრამ 58-ე წუთზე ბერიძის ჯარიმის გამო დანიშნული პენალტი კოვნაცკი გაიტანა. უნდა ითქვას, რომ 11-მეტრიანი ნამდვილად საეჭვო ვითრებაში დაინიშნა. მალევე, 65-ე წუთზე სტუმართა კაპიტანმა დუბლი გაიფორმა. 71-ე წუთზე მესამე გოლი კაპუსტკამ გაიტანა, რომელმაც ინდივიდუალური გარღვევა ზუსტი დარტყმით დაასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მოკლედ, 0:3 კარგად ასახავს თამაშის სურათს. ჩვენი ნაკრები მოშლილი იყო და თითქოს პოლონელები დიდებივით დაგვცქეროდნენ. სხვაობა თვალში საცემია. სამწუხაროა, რომ საფეხბურთო საქართველო არათუ უახლოვდება, არამედ სულ უფრო შორდება ევროპას.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 6 ოქტომბერს, სტუმრად დანიის ნაკრებთან ჩაატარებს.
ამას არანაირი გამართლება არ აქვს
პოლონეთთან მარცხის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ თამაში შეაფასა.
„დღევანდელი შეხვედრა პირწმინდად წავაგეთ. მოწინააღმდეგემ გვაჯობა და ამ შეხვედრას არანაირი გამართლება არ აქვს. გაშვებული გოლის შემდეგ თამაშს თავი დავანებეთ და მხოლოდ მაშინ მოვინდომეთ, როდესაც სხვაობა უკვე ძალიან დიდი იყო. საკუთარ თავში ძალები უნდა მოვძებნოთ და გავაგრძელოთ ბრძოლა მომავალ მატჩებში“, – აღნიშნა გეგუჩაძემ.
https://www.youtube.com/watch?v=rJziISjswuw
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი
1 სექტემბერი. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
საქართველო – პოლონეთი 0:3 (0:0)
საქართველო: კუპატაძე, შულაია (კოხრეიძე 68), მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, მოხევიშვილი (კობოური 76), კუცია (ნადარაია 46), ბერიძე, ხარაიშვილი, მიქელთაძე
გოლები: 0:1 კოვნაცკი (58 პენ), 0:2 კოვნაცკი (64), 0:3 კაპუსტკა (71)
გაფრთხილება: ბერიძე (58), მამუჩაშვილი (78), კოხრეიძე (80)