ქართველი რეჟისორის ირინა გაჩეჩილაძის საოპერო სპექტაკლი „ტელეფონი“ რამდენიმე დღის წინ წარმატებით დაიდგა ვენასა და ბრატისლავაში. მონო ოპერის მუსიკისა და ლიბრეტოს ავტორია კომპოზიტორი ჯან კარლო მენოტტი.
„ტელეფონის“ პრემიერა ვენაში 1 მარტს გაიმართა ფოლკსთეატრის მცირე დარბაზში. 28 თებერვალს კი იგივე წარმოდგენა სლოვაკეთის დედაქალაქში ბრატისლავაში ზიჩი პალასში პირველად ნახა მაყურებელმა.
ვენასა და ბრატისლავაში საპრემიერო ჩვენებებში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მომღერლებმა და მსახიობებმა – სოპრანო რუსუდან ბარბაქაძე, ბას-ბარიტონი დიმიტრი შაფაქიძე, მსახიობი მიხეილ მენაბდე, პიანისტი გიორგი კაჩინსკი. აფიშის დიზაინიც ქართველმა მხატვარმა გელა პატიაშვილმა შექმნა.
ირინა გაჩეჩილაძის პრემიერამ ორივე ქალაქში ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
https://www.facebook.com/irinka.gachechiladze/videos/10156728269404279/
ჯან კარლო მენოტტის „ტელეფონი“ ქართველმა ახალგაზრდა რეჟისორმა პირველად ლონდონში დადგა 2015 წელს, მაშინაც პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. სპექტაკლს ლონდონში დაესწრნენ ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი და გამოჩენილი მწერალი ბორის აკუნინი. ვივიენ ვესტვუდმა აღფრთოვანება მაშინვე სპექტაკლის შემდეგ გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას, ხოლო ბორის აკუნინმა ახალგაზრდა რეჟისორს თავისი პიესის „ჰამლეტის“ დადგმა შესთავაზა.
ირინა გაჩეჩილაძემ აკუნინის „ჰამლეტი“ 2017 წელს წარმატებით დადგა ნიუ-იორკში. სპექტაკლის წარმატებას ისიც მიანიშნებს, რომ გაჩეჩილაძის პრემიერის შესახებ დაწერა 12-მა ნიუი-ორკულმა გამოცემამ, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსმა“.
https://www.facebook.com/irinka.gachechiladze/posts/10156730231099279
ირინა გაჩეჩილაძემ განათლება უცხოეთში მიიღო, სწავლობდა ისრაელსა და ნიუ-იორკში, დამთავრებული აქვს მოსკოვის თეატრალური აკადემია (გიტისი) საოპერო და დრამატული რეჟისურის განხრით. მას დადგმული აქვს სპექტაკლები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ასევე დადგმული აქვს არაერთი სპექტაკლი დრამატული თეატრისთვის. ირინა გაჩეჩილაძეს გადაღებული აქვს 5 ფილმი, მათ შორის ორი ფილმი ანაპის საერთაშორისო კინოფესტივალის „კინოშოკის“ პრიზიორია.