LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალგაზრდა მეწარმე” – ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობისთვის ახალი პროგრამა იწყება

93

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ახალი პროგრამის – “ახალგაზრდა მეწარმის” ამოქმედებას იწყებას.

პროგრამის ბიუჯეტი 4,110,000 აშშ დოლარს შეადგენს.

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც საქართველოში ბიზნესსაქმიანობა სურთ. პროგრამის მიზანია, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით, ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები (18-35 წლამდე მამაკაცები და 18-40 წლამდე ქალები) ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის (სტარტაპის) დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ბენეფიციარს დაუფინანსებს პროექტის ღირებულების 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60,000
ლარისა; დარჩენილი 60% ბენეფიციარის თანამონაწილეობაა.

თანამონაწილეობის თანხა, შესაძლებელია, მოძიებული იქნას როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით (მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი).

პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნეს მიმართულებების დაფინანსებას. არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესსაქმიანობის წილი მთლიან დაფინანსების პორტფელში 20%-ს არ აღემატება.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო მიმართულება გარდა, იმ დარგებისა, რომლებიც უკვე ფინანსდება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საგრანტო პროგრამით. სააგენტოში განაცხადების და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება ელექტრონულად http://apma.ge/ და http://danida.apma.ge/ -ის მეშვეობით.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნესგეგმის დამტკიცების შემდეგ, პროგრამის ფარგლებში, შერჩეული კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია ბენეფიციარს დაეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის ყველა საჭირო ღონისძიებაში რაც გულისხმობს: თანადაფინანსების ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, წარმოდგენილი ბიზნეს იდეის განხორციელების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის შედგენას, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფულადი სახსრების მიზნობრივად გახარჯვის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დახარისხებას, სააღრიცხვო პროგრამის/სისტემის დანერგვას და ბიზნესის მართვისათვის საჭირო ტრენინგების ჩატარებას.