LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში 15 წლის ძალადობის მსხვერპლის სკოლიდან გარიცხვას ითხოვენ (ვიდეო)

134

ახალციხეში ახალგაზრდა ქალი მის არასრულწლოვან შვილზე შესაძლო ძალადობის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. 15 წლის გოგონას დედა ამბობს, რომ საქმე გაუპატიურების მუხლით მარტში აღიძრა, თუმცა სამართალდამცველებმა დეტალების მოკვლევა ცხრა თვის შემდეგ დაიწყეს. ინფორმაციას TV9 ავრცელებს.

სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლი 15 წლის გოგო ამბობს, რომ თანაკლასელმა ბიჭმა მასზე გასული წლის დეკემბერში იძალადა. გოგოს თქმით, ბიჭი მას დანით ემუქრებოდა, რომ მომხდარის შესახებ, არავისთვის მოეყოლა, რის გამოც სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი ამბავს რამდენიმე თვე მალავდა.

კლასელზე ძალადობის შესახებ მოსაწვლეებმა მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მას მერე გაიგეს, რაც ისინი პოლიციამ დაკითხა. დაზარალებული გოგოს თქმით, ის ეჭვობს რომ კლასელებმა მასთან კონტაქტი მომხდარის გამო შეწყვიტეს. ის სკოლაში რამდენჯერმე შეუძლოდაც გახდა. გოგოს მშობელი ამბობს, რომ სკოლაში შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამო, სკოლის დირექტორმა გოგოს სხვა სკოლაში გადაყვანა მოითხოვა.

გოგოზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, მისი კლასელების მშობლებმაც სამართალდამცველებისგან შეიტყვეს. დედების ნაწილს არ სურდა, რომ სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლს მათ შვილებთან ერთად ესწავლა და ამის გამო მშობლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. თუმცა საბოლოოდ, როგორც სიუჟეტის ერთ-ერთი წყარო ჰყვება, მშობლების ნაწილმა შეძლო სიტუაციის განეიტრალება. განცხადებაზე ხელმომწერი მშობლები თავიანთ გადაწყვეტილებას საკუთარი შვილების დაცვის მოტივით ხსნიან, თუმცა უჭირთ დაკონკრეტება, თუ რაში გამოიხატება სხვა მოსწავლეთა უფლებების დარღვევა. განცხადებაზე 22 მშობლიდან ხელი 10-ს აქვს მოწერილი.

სკოლაში მოსაწვლის შევიწროების ფაქტს სკოლის დირექტორი უარყოფს და კომენტარზეც უარს აცხადებს.

“სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი პრობლემის იდენტიფიცირების მომენტიდან ფლობენ ინფორმაციას და აქტიურ კომუნიკაციას ამყარებენ ბავშვებთან და ოჯახთან. ინტენსიური ურთიერთობის პროცესში გამოკვეთილი საკითხები კომპეტენტური პირების ჩართულობით ეტაპობრივად გვარდება. რაც შეეხება სკოლაში მიმდინარე საკითხებს – ეს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით და მათი მეთვალყურეობით უნდა მოგვარდეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, რესურსცენტრის  უფროსთან ერთად, არაერთხელ იყვნენ სკოლაში და გაესაუბრნენ დირექტორსა და პედაგოგებს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, დაგეგმილია მოსწავლეების მშობლებთან შეხვედრაც,” – აცხადებენ სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების ცენტრში.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 2018 წლის მარტში სოციალური მომსახურების სააგენტოდან შესული წერილის საფუძველზე დაიწყო. საქმის მოვკლევა თავიდან 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით დაიწყეს, 19 სექტემბერს კი საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გაუპატიურებისა და მუქარის მუხლებით გაგრძელდა. შსს-ში ამბობენ, რომ გოგოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა დასკვნის შესახებ ინფორმაცია გამოძიებისთვის ჯერ ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები