ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის, რეორგანიზებული უშიშროების საბჭო, რომელიც იქნება დაქვემდებარებული პრემიერმინისტრზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„არანაირი საბაბი არ აქვს ამ წუხილის. რა ვალდებულებებიც იყო, რომ თუ არ ვცდები 1 დეკემბრამდე ეს საკანონმდებლო ინიციატივა უნდა ყოფილიყო პარლამენტში, ასეც იქნება. ახალ წლამდე ქვეყანას ეყოლება ახალი ფორმატის, რეორგანიზებული უშიშროების საბჭო, რომელიც იქნება დაქვემდებარებული პრემიერ-მინისტრზე“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში შედის ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო უქმდება. პრეზიდენტმა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ცვლილებებს, რომლითაც უშიშროების საბჭო უქმდება, ხელი დღეს მოაწერა.