რუსეთმა, სანამ რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, რითაც უპასუხა კითხვას, დააზიანებს თუ არა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ამ ფორმატში რაიმე ფორმით მონაწილეობა.
“რაც შეეხება 3+3 ფორმატს, ამ საკითხზე მე უბრალოდ აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, პატივს უნდა სცემდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს”, – აღნიშნა ოსტინმა.
ცნობისთვის, 3+3 ფორმატი აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების, ილჰამა ალიევისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივაა, რომლის შესახებაც 2020 წლის ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, 10 დეკემბერს განაცხადეს.
ფორმატი კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, ასევე რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს: ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას გულისხმობს. ფორმატის მთავარი მიმართულება უსაფრთხოება, ეკონომიკა და სატრანსპორტო საკითხებია.
ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 ოქტომბერს ისაუბრა. ზალკალიანის თქმით, საქართველო რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში მაინც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესებისა და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე.
შეგახსენებთ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი იმყოფება.
ვრცლად ამავე თემაზე: