ყოფილი დეპუტატი ქვეყანაში შექმნილ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რაც “სახლში დარჩენის” რეკომენდაციას ეხება, აცხადებს, რომ დანერგა ონლაინ ქეიფი. აკაკი ზოიძის განმარტებით, მეგობრებთან ერთად უკვე გამოსცადა სიახლე და სხვებსაც ურჩევს ქეიფის დისტანციურ რეჟიმს მიმართონ. ამის შესახებ ზოიძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი შეკრების მიზანი არა მხოლოდ ქეიფი, არამედ ახალი ინფორმაციების გაცვლაა.
“ჩვენ დავნერგეთ ონლაინ შეკრება. გვქონდა უკვე საცდელი პერიოდიც და ჩართვებიც სხვადასხვა ქვეყნებთან. ონლაინ ქეიფის მიზანი მხოლოდ დალევა არ არის, ჩვენ ერთმანეთს ვუცვლით ახალ ინფორმაციებს და ვიძლევით დამაიმედებელ რჩევებს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მან ასევე ისაუბრა მის მიერ ამირან გამყრელიძის მიპატიჟებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, როცა ვირუსის საშიშროება გადაივლის, გამყრელიძეს და სხვა დანარჩენ მის ნაცნობ ექიმებს აქეიფებს.
“არ ვიცი ბატონი ამირანი მთელ საქართველოს დაპატიჟებს თუ არა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, ბატონ ამირანს საქეიფოდ დავპატიჟებ. იმედი მაქვს, რომ საშიშროება ზაფხულამდე ჩაივლის და ამირანთან ერთან ყველა ჩემს ნაცნობ ექიმს დავპატიჟებ ქალაქგარეთ რესტორანში. ჩვენგან ერთი ქეიფი ამ ხალხს ნამდვილად ეკუთვნის” – აღნიშნა ზოიძემ.