საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ქვეყანაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ სახელმწიფო დონეზე ძალიან ცოტა გაკეთდა საიმისოდ, რომ მინიმუმ 800 ათას მოქალაქე, რომელიც ვაქცინაციას ყოყმანობს, გადაგვერწმუნებინა.
მისი შეფასებით, ამის მიზეზი ისაა, რომ მოქალაქეებს ბევრი უპასუხო კითხვა აქვს და დაბნეულია წინააღმდეგობრივი ინფორმაციით, რომლითაც ზოიძის თქმით, გაჯერებულია საინფორმაციო სივრცე.
„დასანანია, რომ მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ძალიან ცოტა გაკეთდა სახელმწიფოს დონეზე იმისთვის (არ ვამცირებ ცალკეული ორგანიზაციებისა და ინდივიდუალების ინიციატივებს), რომ დაგვერწმუნებინა/გადაგვერწმუნებინა მინიმუმ 800 ათასი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ყოყმანობს, აიცრას მხოლოდ იმის გამო, რომ აქვს უპასუხო კითხვები ან დაბნეულია“,- წერს სოციალურ ქსელში აკაკი ზოიძე.
მისი შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება, მას შემდეგ რაც მივუახლოვდით აცრის მსურველთა მიჯნას – მილიონ 400 ათას მოქალაქეს.
„ყველაზე უფრო ცუდი ის არის, რომ მნიშვნელოვანწილად ამ დაბნეულობის მიზეზი სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა. ამ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებსაც თავი ჯორდანო ბრუნოებად ან კოპერნიკებად წარმოუდგენიათ.
ოღონდ ის ავიწყდებათ, რომ რწმენას, რომ დედამიწა ბრტყელია და სამყაროს ცენტრშია – ცოტა ვინმე ან საერთოდ არავინ მოუკლავს, განსხვავებით რწმენისგან, რომ ვაქცინას მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე კოვიდს და რომ თურმე „ბუნებრივი” იმუნიტეტი სჯობია „ხელოვნურს”. მოკლედ: ოქტომბერში გვექნება ბევრი ვაქცინა, მათ შორის, უკვე ვადაგასული და არ გვეყოლება მსურველი“,- წერს აკაკი ზოიძე.