LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აიკრძალება თუ არა თამბაქოს მოწევა კაფეებსა და რესტორნებში?

127

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა ან უნდა აიკრძალოს, ან სპეციალური ადგილები გამოიყოს თამბაქოს მოხმარებისათვის, შესაბამისი კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გუგული მაღრაძეა. როგორც მან რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა, კანონპროექტი არამწეველების ჯანმრთელობის დაცვისკენ არის მიმართული. კანონის ამოქმედების შემდეგ, აკრძალვა არ გავრცელდება ღია კაფეებსა და ისეთ დაწესებულებებზე, სადაც ჰაერის ცირკულაციის საშუალებაა.

“რეგულაციები გავრცელდება კაფეებზე, რესტორნებზე, სალონებზე და საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებზე, სადაც დახურული სივრცეა. კანონის მიხედვით, დაწესებულების მფლობელი თავად გადაწყვეტს, მთლიანად აკრძალოს მოწევა თუ სპეციალური ადგილები გამოყოს მწეველებისათვის. კანონის მიღების შემთხვევაში, დაწესებულებების მეპატრონეებს ჩვენ 2018 წლის 1 იანვრამდე ვაძლევთ დროს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და თავიანთი დაწესებულება სტანდარტის შესაბამისად მოაწყონ” – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

როგორც კანონპროექტის ავტორმა აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სასტუმროების მფლობელებთან, რათა სასტუმროების ოთახების, დაახლოებით 20% მწეველებისათვის მოეწყოს, ხოლო დანარჩენი – არამწეველებისათვის. მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით, ელექტრონულ სიგარეტზეც იგივე შეზღუდვა მოქმედებს, თუმცა გუგული მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ საწყის ეტაპზე, ეს ნორმა შეიცვალოს და ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას აკრძალვა არ შეეხოს.

“შეიძლება ეს ნორმა იქამდე შევაჩეროთ, ვიდრე ადამიანები არ დარწმუნდებიან, რომ ელექტრონული სიგარეტიც ისეთივე მავნეა, როგორიც ჩვეულებრივი. რაც ეხება უშუალოდ აკნონპროექტს, ეს ეფუძნება სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც იაგო კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 91%, მათ შორის, მწეველებიც, მხარს უჭერენ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალოს” – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები