აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე, სადაც კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკაზე იმსჯელეს, სენატორებმა საქართველოს შესახებაც ისაუბრეს.
მომხსენებლებმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ხელისუფლების საქმიანობაზე კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს.
ამერიკელი სენატორების განცხადებებს ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმიანებიან.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა გაიფუჭონ:
„აი, სადამდე მიგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ – სენატორები და კონგრესმენები საქართველოს პარტნიორობის საკითხის გადახედვაზე ღიად საუბრობენ. აი, ეს არის გზა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია – რუსეთისკენ მიმავალი და არა ევროპული, ამერიკული, ცივილიზაციისკენ მიმავალი გზა.
ეს არის სწორედ შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, როდესაც გყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ურთიერთობა გაიფუჭოს ამერიკასთან და ევროპელ პარტნიორებთან, უარი თქვას კანდიდატის სტატუსზე და ევროინტეგრაციაზე, საქართველო რუსეთს დაუმორჩილოს, ჩვენ ამას არ შევეგუებით და ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის რასაც ჩვენ ვამბობთ, ან დასავლური ცივილიზაცია, ევროპა, ამერიკა და პროქართველობა, ან პრორუსობა და რუსეთის მონობა, რომლისკენაც „ქართულ ოცნებას“ მივყავართ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამერიკელი პოლიტიკოსების შეფასებებს ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერიაც:
„იმის ნაცვლად, რომ აშშ-ის სენატში, კონგრესში, ვაშინგტონში, ბრიუსელში ახლა, ჩვენი მთავრობის ძალისხმევით, განხილვის საგანი საქართველოს უსაფრთხოების სარტყელში მოხვედრა, ნატოში გაწევრიანება, აშშ-სთან თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობა ანუ ჩვენი თავისუფლების დაცვა და თავისუფალ სამყაროში დაბრუნება იყოს, ივანიშვილის რეჟიმის წყალობით, დისკუსია არის იმაზე, რომ საქართველო საპირისპირო მიმართულებით მიდის და ეს კურსი თუ გაგრძელდა, ჩვენი გაუცხოება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან გარდაუვალია..
ეს კაცი, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა საკუთარი ფინანსური და ძალაუფლების ინტერესის გამო პუტინის ამოცანებთან არის შეკრული და გვტოვებს მარტო რუსეთის უზარმაზარი საფრთხის წინაშე ისე, როგორც 90-იანებში აღმოვჩნდით, როცა დასუსტებულმა რუსეთმა გენოციდი მოგვიწყო.
უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხების შემდეგაც, ჩვენ ვიქნებით უზარმაზარი საფრთხის წინაშე, თუ საქართველომ ივანიშვილის რეჟიმი არ შეცვალა. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, ეს მოღალატე რეჟიმი უნდა შევცვალოთ“, – აცხადებს ბოკერია.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენას ეხმიანება პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილიც.
„მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო და რომ არა ქართველი ხალხის 85%-იანი მხარდაჭერა ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას უკვე რუსეთს მიუერთებდა.
ძალიან ვიხალისე „ქოცების“ პასუხებით – იმის მაგივრად, რომ კრიტიკა მიეღოთ, ისინი დასცინიან ქართველი ხალხის 85 %-ს და ამერიკის სენატის წარმომადგენლებს „შტერს“ და „სულელს“ უწოდებენ, ბატონმა კობახიძემ კი განაცხადა, რომ ფეხებზე ჰკიდია ამერიკის დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. რა ენაღვლება?! – თვითონ მდიდარია და კარგად აცხოვრებს ბიძინა ივანიშვილი.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქოცები“ მალე „ჩაირეცხებიან“ და „ჩარეცხვის“ ღილაკს თითს ქართველი ხალხი დააჭერს!
დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს“, – წერს ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი კი აღნიშნავს, დასავლელი პარტნიორების განცხადებები საქართველოსთან მიმართებით უფრო და უფრო მძიმე ხდება:
„საუბარია დემოკრატიის ჩამოშლაზე, ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებაზე, პოლიტპატიმრებზე, მედიამენეჯრების დაკავებაზე და მათი გათავისუფლების მოთხოვნაზე.
ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს განცხადებები მხოლოდ განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით და ამას ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე და სხვები ვერ უშველიან.
ამიტომ დროულად უნდა მიიღონ ეს რეკომენდაციები, გაიაზრონ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედება უნდა დაიწყონ, რადგან ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინტერესებს პოლიტიკურ ინტერესებს ანაცვალებენ“, – ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
სენატორების შეფასებებს ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან პარტიები – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“.
როგორც ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი აშკარაა“.
„აშშ-ის სენატორების განცხადებები და მათზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ საბოლოოდ აირჩიეს რუსეთის მხარე. სწორედ ახლა, როგორც არასდროს, დგება ერთიანობის და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.
რუსეთის აგრესიის შედეგად, დასავლეთსა და რუსეთს შორის ცივილურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია; უკრაინის თავგანწირვამ გაგვიხსნა უნიკალური გეოპოლიტიკური შესაძლებლობები – საფუძველი ეყრება ჩვენი რეგიონის მომავალს. ამ ისტორიულ მომენტში, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები იძულებულს ხდის ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიული განვითარებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე მტკიცე საერთაშორისო გარანტორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისაუბროს არა ჩვენი ქვეყნის სამხედრო დახმარებასა და ეკონომიკური აღორძინების გეგმებზე, არამედ საქართველოში არსებულ ტოტალურ რეგრესზე. რეგიონში ძალთა ახალი გადანაწილების პირობებში საქართველოს იზოლაცია პარტნიორებისგან არის „ქართული ოცნების“ გააზრებული მოღალატეობრივი პოლიტიკა, სახელმწიფოს ღალატი.
„დემოკრატიის უზარმაზარი უკუსვლა“ – ასე შეფასდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები 16 ნოემბერს სამხრეთ კავკასიის შესახებ აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე.
სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არა მხოლოდ გააკრიტიკეს დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის მიმართ საქართველოს მთავრობის ქმედებები, არამედ ისაუბრეს საქართველოსთვის დახმარების პირობითობაზეც კი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა დამოკიდებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის ქმედებებზე.
აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ „ქართული ოცნების„ მცდელობები, შეცდომაში შეიყვანოს დასავლეთი და საკუთარი თავი პროდასავლურ ძალად წარმოსახოს, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვის არის დამაჯერებელი.
აშშ-ის სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში დარწმუნდნენ, რომ „ოცნება“ არ აპირებს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას, რაც, აშშ-ის აზრითაც, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაა.
უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სწორად შევაფასოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, რათა შევძლოთ სწორი ნაბიჯების გადადგმა. სენატის მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მსგავსად, აშშ-საც ცხადად აქვს გაცნობიერებული საქართველოში ოლიგარქიული მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების სიმძიმე.
სენატორებს ასევე აქვთ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის დაუღალავ ბრძოლას გააგრძელებს და საკუთარი მთავრობის პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს. მართლაც, მთავრობის ანგარიშვალდებულებას უპირველეს ყოვლისა მოქალაქეები განაპირობებენ. ქართველი ხალხის ბრძოლა საკუთარი მომავლისთვის არის ის, რისი წყალობითაც თავისუფალი სამყარო ყოველთვის გვიჭერდა და დღემდე გვიჭერს მხარს. შესაბამისად, არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა და განვამტკიცოთ პარტნიორების კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ.
პოლიტიკური პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ სწორედ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მიზნის გარშემო გავერთიანდით.
მხოლოდ ერთად ბრძოლით არის შესაძლებელი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილი ვაქციოთ რეალობად: პროდასავლელი უმრავლესობა გავათავისუფლოთ მმართველი პრორუსი უმცირესობისგან, დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და ვაქციოთ იგი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრად. ამ მიზნის შესრულება ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ხელშია“, – წერია სამი ოპოზიციური პარტიის ერთობლივ მიმართვაში.