LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

AHF საქართველოს მოქალაქეთა აივ ინფექციაზე უფასო ტესტირებას აგრძელებს

991
მთავარი ფოტო

შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ტესტირების ცენტრი მოქალაქეთა მომსახურებას უკვე სამი წელია შეუფერხებლად ახორციელებს. ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, უფასოდ ჩაიტაროს აივ ინფექციაზე სწრაფი და ანონიმური ტესტირება, მიიღოს კონსულტაციები შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ, რეპროდუქციული ჯანრთელობის და კონტრაცეფციის შესახებ. ცენტრში მისულ ნებისმიერ მოქალაქეს, ასევე, უფასოდ გადაეცემა კონდომები. ფონდის მიზანია პერმანენტული ტესტირების გზით, აივ ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა და მათი დროული ჩართვა მკურნალობაში, რაც დაეხმარება მათ, გაიხანგრძლივონ სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

როგორც შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური აღნიშნავს, კოვიდ-პანდემიამ ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც. ამ ფონზე, არაერთი სექტორი მძიმე პირობებში აღმოჩნდა და გამოიკვეთა, თუ რამდენად დიდ კავშირშია საზოგადოებრივი ჯანდაცვა საზოგადოების კეთილდღეობასთან და რამდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

„ნებისმიერი პანდემიის, განსაკუთრებით კი, შიდსის დასამარცხებლად, ერთიანობა და პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანაში, ყოველთვის პრობლემატური იყო აივ-ზე ტესტირების და გამოკვლევის საკითხი. შესაბამისად, კორონავირუსის პანდემია სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა ამ კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის, საქართველოში ინფიცირებულთა დაახლოებით 35%-მა არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია“, – აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნინო ხეთაგური.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 9 ათასამდე აივით ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან უმრავლესობა მამაკაცია, პაციენტთა ასაკი კი, 29-დან 40 წლამდე მერყეობს. ყველაზე მეტი დაინფიცირების შემთხვევა დედაქალაქზე მოდის, შემდეგ მოდის ბათუმი, ზუგდიდი და ა.შ. აღნიშნულ სტატისტიკას სპეციალსიტები დიდ ქალაქებში მაღალ მიგრაციას უკავშირებენ. ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ აივ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა 10 ათასამდე შეიძლება მერყეობდეს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ითვლება, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების მაღალი დონეა. არსებულ მდგომარეობას სპეციალსიტები საზოგადოების დაბალ ინფორმირებულობას უკავშირებენ, რის გამოც, დაავადების გამოვლენა მძიმე სტადიაზე ხდება, რაც ინფექციის მართვას ართულებს; შესაბამისად, მთავარ გამოწვევად, ქვეყანაში ინფიცირებულთა მიმართ სტიგმის დაძლევა რჩება.

შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ადამიანმა იცოდეს საკუთარი აივ სტატუსი.

ფონდში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება, რომელიც აჩერებს დაავადების პროგრესირებას და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ასევე, ინფიცირებულმა ადამიანმა მეტი ყურადღება მიაქციოს თავის ჯანმრთელობას და თავიდან აიცილოს სხვა ადამიანების, მათ შორის ახლობლების, ინფიცირება და შესაბამისად, – დაავადების გავრცელება. შიდსით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში სჭირდებათ, რაც დიდ თანხას მოითხოვს. დღეს პაციენტები სახელმწიფოს დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ფინანსური რესურსით, მკურნალობას ვერ შეძლებდნენ დღეს ეს სერვისი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია.

ეს არის დაავადება, რომელიც შესაძლოა ყველას დაემართოს, ამისგან დაზღვეული არავინაა. და მაინც, ვისთვისაა აუცილებელი შიდსის ანალიზი. როგორც ექიმები განამრტავენ, აივ-ით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) დაინფიცირების საშიშროება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ გადადების რისკი იზრდება გარკვეული ქცევების არსებობის შემთხვევაში. როგორც შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდში გვირჩევენ:  გაიგეთ თქვენი აივ სტატუსი, თუ: ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ნარკოტიკი, თქვენი მეუღლე/სქესობრივი პარტნიორი არის ან იყო ნარკოტიკის მომხმარებელი, გქონიათ შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კონტაქტები, გაქვთ ან გქონდათ რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, გადატანილი გაქვთ ან ამჟამად ავად ხართ B ან C ან D ჰეპატიტის ვირუსით, დაგიდგინდათ ტუბერკულოზი, ხშირად იტარებთ სამედიცინო მანიპულაციებს, გაგიკეთებიათ ტატუირება ან პირსინგი ან ხართ სისხლის რეციპიენტი“.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერია აივ/შიდსით პაციენტების ანტივირუსული მკურნალობით მოცვისა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში ვირუსული არაგანსაზღვრადობის (სუპრესიის) მაჩვენებლებით. 2015 წლიდან, საქართველომ, პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში, დანერგა პრინციპი „უმკურნალე ყველას“, რაც გულისხმობს იმას, რომ მკურნალობა უტარდება ყველა აივ ინფიცირებულს იმუნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად. ასეთმა მიდგომამ უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი, კერძოდ: ბოლო წლებში აივ/შიდსით პაციენტებში 5-ჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილობა და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბოლო 3 წლის მანძილზე შარშან პირველად დაფიქსირდა აივ ახლად ინფიცირების შემთხვევების კლება.

ცნობილია, რომ 2018 წლიდან, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა აქტიურად საქმიანობს შიდსთან ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, AHF საქართველოს მოსახლეობას სწრაფი და მარტივი მეთოდით აივ-ზე ტესტირებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, თბილისში გაიხსნა „AHF საქართველოს“ ტესტირების ცენტრი, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების საშუალებით, უფასოდ ხორციელდება აივ-ზე სწრაფი, მარტივი და ანონიმური ტესტირება, როგორც მაღალი რისკის ჯგუფების, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის. ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი საინფორმაციო მასალის მომზადებას და გავრცელებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ატარებს ვებინარებს აივ-ზე, პრევენციულ მეთოდებსა და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.  გასული წლების მსგავსად, „AHF საქართველოს“ ერთ-ერთ პრიპრიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პენიტენციალურ დაწესებულებებში აივ/შიდსის პრევენცია და გამოვლენა. ფონდის პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია პენიტენციალური სისტემის თბილისის 10 დაწესებულებაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების მეშვეობით, აივ-ზე სწრაფი, მარტივი ტესტირების ჩატარება, შესაბამისი საინფორმაციო მასალის (აივ/სგგი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა) და კონდომების დარიგება, რაც ხელს შეუწყობს აივ-ის დროულ გამოვლენას და მკურნალობას, ასევე პრევენციასა და ვირუსის შემდგომი გავრცელების შეჩერებას.

შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა მდებრეობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზ.#37დ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები