1 აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა კოტე აფხაზისა და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობას სრული ინფორმაცია მიეწოდოს.
მისი თქმით, პროგრამის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია სპეციალური ბუკლეტების სახით მიეწოდება. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება.
„სამართლებრივი აქტი გამოცემულია, საკრებულოს მიერ ტარიფები უკვე დამტკიცებულია. ახლა ყველაზე მთავარი მოსახლეობის ინფორმირებაა. ამიტომ, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მინდა დავავალო, რომ აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიეწოდოს ადგილობრივ მცხოვრებლებს. ამისთვის ჩვენ სპეციალურ ჯიხურებს განვათავსებთ, სადაც ყველას შეეძლება მივიდეს, დასვას შეკითხვები და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, სპეციალურ ბუკლეტებს დავბეჭდავთ და აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს დავურიგებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებს, ასევე, ელექტრომობილების მფლობელებს, შშმ პირებსა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გარკვეული შეღავათები ექნებათ.
„ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც კოტე აფხაზის ან მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობს, პარკირება უფასო იქნება. უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისთვისაც, ხოლო შშმ პირთათვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები, სადაც პარკირება უფასო იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურს, თბილისის მერის განცხადებით, ფასიანი პარკირება ზონებად დაიყოფა და ფასებიც განსხვავებული იქნება.
„პირველ აგვისტომდე ფასიანი პარკირების ზონებზე შესაბამისი მონიშვნები დაიხაზება და საგზაო ნიშნებიც განთავდება. ფასიანი პარკირებები სამ – A, B და C ზონებად დაიყოფა. პარკირების საფასური A ზონაში საათში ერთ ლარს შეადგენს, B ზონაში – 2 ლარს, ხოლო C ზონაში – 3 ლარს. რაც შეეხება გადახდის ფორმას, ეს შესაძლებელი იქნება გადახდის აპარატებით. ასევე, ოფიციალური ვებგვერდის – parking.tbilisi.gov.ge-ის საშუალებით. ამასთანავე, სმარტფონებზე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Tbilisi Parking და აქედანაც გადაიხდით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, კოტე აფხაზის ქუჩაზე უკვე დაემატა ახალი, MAN-ის ტიპის ავტობუსები იმისთვის, რომ იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის გადაადგილება უპრობლემო იყოს.