აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის. ახალი ინიციატივა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა. ინიციატივის მიხედვით, აუცილებელი ხდება სავარგულების რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში აგროდაზღვევის პროგრამით, ფერმერი ვეღარ ისარგებლებს.
“პროგრამით ისარგებლებს ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. პარალელურად, მარტივდება რეგისტრაციის პროცესი, რომლითაც მეწარმეს და მცირე ფერმერს სურს, ისარგებლოს. ძალიან მნიშვნელოვანია მიწის რეგისტრაცია, სავარგულების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის კუთხით,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის, მეწარმეთა, ფერმერთა, რისკების შემცირების მიზნით, სახელმწიფო, უკვე მე-5 წელია, ახორციელებს აგროდაზღვევის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის დაზღვევას სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან ყველა კულტურაზე – 70%-ით, ხოლო ვაზზე – 50%-ით. აგროდაზღვევის პროექტით 2014-2017 წლებში დაზღვეული ფართობი 60 ათასამდე ჰექტარს შეადგენს და ჯამში დაზღვეულია 500 მილიონამდე ლარის მოსავალი. წელს ბიუჯეტიდან პროექტის დასაფინანსებლად 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული.