თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ღია კაფეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაშია აღნიშნულია, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 9 აგვისტოს გაცემული მითითებების შესაბამისად, დავით აღმაშენებლის გამზირზე უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფეების ნაწილი აღებულია და კაფე-ბარები მუშაობას აღნიშნული საქმიანობისთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე (შენობა-ნაგებობებში) განაგრძობენ.
“თბილისის მერიამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის შესახებ მითითება სულ 16 სამართალდამრღვევ სუბიექტს მისცა, საიდანაც 12-მა, გაფრხილების შესაბამისად, უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფე სრულად გააუქმა, 2-მა ნაწილობრივ, ხოლო 2-ს ამ დრომდე ქმედება არ განუხორციელებია.
კაფე-ბარების მეპატრონეებს ვადა 14 აგვისტომდე მიეცათ, რის შემდეგაც კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.
აღსანიშნავია, რომ 16 სამართალდამრღვევი სუბიექტიდან 7 კაფე-ბარის დამფუძნებელი და ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ქართველია, ხოლო 9 უცხო ქვეყნის მოქალაქე. მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირები თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში ღია კაფეების მოწყობისთვის სავალდებულო პროცედურებს გაივლიან, ისინი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.
დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სხვა კაფე-ბარების მიმართაც უახლოეს დღეებში მსგავსი ღონისძიებები განხორციელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.