LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აღარ გაბედო აქ ჩამოსვლა, რომ არ გწყევლონ და ბოლოს არ მოგკლან” – ჟურნალისტის ემოციური სტატუსი ინდოელი კაცის მკვლელობის ფაქტზე

2728
BeFunky-collage (1)

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი, რომელმაც თბილისში მოკლული ინდოეთის მოქალაქის შესახებ სტატია მოამზადა,  მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საკმაოდ ემოციურ და დამაფიქრებელ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

ისნის რაიონში მოკლული ინდოეთის მოქალაქის ცოლი, რიფატ აჰმადი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ქმრის მკვლელობა რასობრივ ნიადაგზეა ჩადენილი.

გთავაზობთ, ნინო თარხნიშვილის სტატუსს:

“დღეს მკვდარს ვეძებდი, “ფერადკანიან მკვდარს”.
იტყვის ალბათ ბევრი, მოს…ნია პატრონი “ფერადკანიან მკვდარს”, რას დასდევდი, ჩვენი მკვდრები არ გვეყოფაო?..
მკვდარს კი მალევე მივაგენი (შორს ვერ წავიდოდა), მაგრამ მკვდრის პატრონი მთელი დღე ვეძებე – პაკისტანელი ქალი, მუქი ფერის კანით, ნუშისებრი შავი თვალებით და ორი შვილით, პატარა ბიჭებით.
ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ,
მერე მისი სიტყვები ზოგი ბრჭყალებში ჩავსვი, ზოგი მესამე პირში გადავიყვანე, იქ შსს-ს ველაპარაკე, აქეთ პროკურორს, სახალხო დამცველიც მოვიკითხე და ბოლოს დავწერე პატარა სტატია, როგორ მოკლა მეზობელმა ინდოელი კაცი, წინასწარი ვერსიით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე და როგორ ეძებს ახლა ცოლი ქმრის გვამს, რადგან არავინ გააგებინა, არავინ აუხსნა, სად მიაკითხოს თავის მკვდარს:
– შენ ხომ არ გინახავს ჩემი ქმრის გვამი? გუშინ რომ მოკლეს, მე მას მერე აღარ მინახავს.
აი, ასე შემომჩივლა “ფერადკანიანმა პაკისტანელმა” ქალმა.
… გვიან საღამოს, მიწის ზევიდან რომ ვერაფერს გავყევი სახლამდე, ჩავედი მეტროში, გავირჭე ყურსასმენები, კუთხის სკამზე მოვიკეცე და ფიქრის დროც გაჩნდა:
წარმოიდგინე, ხარ “ჭუჭყიანი პაკისტანელი”, რამდენიმე საათის წინ მოგიკლეს “ბინძური ინდოელი” ქმარი. დაგრჩა ორი პატარა შვილი და იცი, რომ გარშემო თითქმის ყველას ეზიზღები და ნეტა, რას გრძნობ ამ დროს? გეშინია? თავი გეცოდება? სასოწარკვეთილი ხარ?..
ჰოდა, მართალია ეს ხალხი, რომ ამბობს წაეთრიეთ ჩვენი ქვეყნიდანო.
დიახ, უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან, დროზე უნდა წახვიდე და წაიყვანო შენი “მურიანი, ნაბიჭვარი შვილებიც” და აღარ ჩამოადგა აქ ფეხი, აღარ გაბედო აქ ჩამოსვლა, რომ არ გაგინონ, არ გწყევლონ და ბოლოს არ მოგკლან.
არადა, მითხრა იმ “ბინძურმა პაკისტანელმა” ქალმა, ინდოეთიდან ამ ქალაქში უკეთესი ცხოვრების საძებნელად ჩამოვედითო.
“ბინძური პაკისტანელი” ცოლი, “ჭუჭყიანი ინდოელი” ქმრის გვამს რამდენიმე დღეში დელიში გაუშვებს დასაწვავად.
თვითონ კი დარჩება აქ თავის “ნაბიჭვრებთან” ერთად ალბათ სასამართლოს დასრულებამდე.
ყველაფერი ძალიან კარგად არის! საქართველოში ერთით ნაკლები “დედამო…ული ინდოელი” დაიარება!
ვაშა, ვაშა, ვაშა.”

მკვლელობა თბილისში: გარდაცვლილია ინდოეთის მოქალაქე

სავარაუდო დამნაშავე ამ დროისათვის დაკავებულია.

სამართალდამცველებმა ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი – 1953 წელს დაბადებული გ.მ დააკავეს. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გულისხმობს და რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები