„აგარის შაქრის” ქარხანა 1 ივნისიდან სრული დატვირთვით ამუშავდება – „აგარის შაქრის” კომპანიის და ბიზნესომბუდსმენის ერთობლივი განცხადებით, ქარხნის ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდება.
„აგარის შაქრის” კომპანია და ბიზნესომბუდსმენის აპარატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს მთავრობასა და აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა. შედეგად, შემუშავდა მხარდაჭერის პაკეტი. სწორედ ამ პაკეტის დახმარებით, აგარი შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან მუშაობას განაახლებს. ყველა ის ადამიანი, ვინც აგარის შაქრის ქარხნის კონსერვაციამდე ქარხანაში მუშაობდა, დაუბრუნდება სამუშაო ადგილს. აგარის შაქრის ქარხანაში მაისში ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, იმისთვის, რომ 1 ივნისიდან ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდეს,“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აგარის შაქრის ქარხანამ 2017 წლის 1 ნოემბრიდან შეწყვიტა მუშაობა და გადავიდა კონსერვაციაზე. შესაბამისად, აგარის შაქრის კომპანიამ თანამშრომლებთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, თუმცა პროცედურა ჩატარდა შრომის კოდექსის მოთხოვნების სრული დაცვით. ქარხანა კონსერვაციაზე საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო გადავიდა.